პრემიერი: ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოში სიღარიბის დონე განახევრდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliასაკოვანი ადამიანები
ასაკოვანი ადამიანები - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2024
გამოწერა
ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" ბიძინა ივანიშვილი დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბოლო 12 წლის განმავლობაში სიღარიბის დონე თითქმის განახევრდა - 1,1 მილიონი ადამიანიდან დაახლოებით 600 ათასამდე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
კვირის დასაწყისში ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს კითხვით მიმართა, თუ რატომ არ შესრულდა დაპირებები სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევის, 100 ახალი ქარხნის მშენებლობის, ემიგრანტების ოჯახებში დაბრუნებისა და ქართული სოფლების აღორძინებისთვის 1 მილიარდის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების თაობაზე.
„2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი შეადგენდა 1,1 მლნ ადამიანს, როდესაც ხაზარაძე (TBC ბანკის დამფუძნებელი და „ლელო საქართველოსთვის" ლიდერი - რედ.) და მისი პარტნიორი პარტია „ნაცმოძრაობა“ ბიზნესის რეკეტით იყვნენ დაკავებული. დღევანდელი მაჩვენებელი 600 ათასს ქვემოთაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე განახევრდა", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება.
„ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. წინა თვეში გვქონდა 9,5% ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენი მიზანია, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ. ასეთ პირობებში სიღარიბე კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ეს საშუალოვადიან პერსპექტივაში მოგვცემს სიღარიბის სრულად აღმოფხვრის საშუალებას“, - აღნიშნა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა განმარტა, სიღარიბესთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
სიღარიბე ციფრებში
ბოლო მონაცემებით, 2024 წლის 1–ლი იანვრისთვის საქართველოში 54.669 ბავშვი ცხოვრობს ოჯახებში, რომელთა კეთილდღეობა 30 ათასი ქულით ფასდება, ანუ სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახებში.
რამდენი ბავშვი ცხოვრობს საქართველოში სიღარიბეში>>>
კიდევ 50.279 ბავშვი სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახებში ცხოვრობს – მათი ოჯახების კეთილდღეობა ფასდება 30 ათასიდან 50 ათას ქულამდე.
დაბალი ქულების მქონე ოჯახები სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობის ფულად დახმარებას იღებენ ერთ ბავშვზე საარსებო მინიმუმის 249,7 ლარის პირობებში. საარსებო მინიმუმი გათვლილია პროდუქტებზე და მომსახურებაზე მინიმალური ფასებიდან გამომდინარე, გამოირიცხება განათლების ხარჯები.
ამასთან, საქართველოში ბევრი უფასო პროგრამაა, რომლებიც ასეთ ბავშვებს სხვადასხვა არასასკოლო აქტივობაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს, მათ შორისაა სხვადასხვა წრეზე სიარული უფასოდ ან ნახევარი თანხის გადახდით. ასევე მათთვის მოქმედებს შეღავათები სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრების დროს.
ყველა ახალი ამბავი
0