რა შანსები ექნება გვარამიას სარჩელს გაეროში - პოლიტიკოსების შეფასებები

© photo: Sputnikნიკა გვარამია
ნიკა გვარამია  - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2024
გამოწერა
გვარამიამ, მას შემდეგ რაც სტრასბურგის სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო, ანალოგიური საჩივრით გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს უნდა მიმართოს.
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას მიმართვა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტისადმი განწირულია და საკუთარი სიმართლის დამტკიცების არანაირი შანსი არ აქვს, აცხადებენ ქართველი პოლიტიკოსები.
„რუსთავი2“-ის ყოფილმა გენდირექტორმა და „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, მას შემდეგ რაც სტრასბურგის სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო, განაცხადა, რომ ანალოგიური საჩივრით გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს უნდა მიმართოს.
„ნიკა გვარამიას, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოში თავისი განაცხადის შეტანის საპასუხოდ უარი მიიღო, ასეთივე უარი ექნება ყველა იმ ინსტიტუციიდან, რომელიც ფაქტებსა და კონკრეტულ სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა.
მმართველი პარტიის სხვა დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციონერის განცხადებას სკეპტიკურად უყურებს.
„ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემდგომ, გვარამიამ ეჭვი შეიტანა ევროპელი მოსამართლეების კეთილსინდისიერებაში და ახლა ჯერი დადგა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრების კეთილსინდისიერებაზე. მე ვფიქრობ, რომ როგორმე ამ გამოწვევას გადაიტანს ევროპა და ევროპელი მოსამართლეები, მაგრამ რაც შეეხება გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს - მას ჯერ გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. მისწვდება თუ არა გვარამიას მრისხანე ხელი ამ კომიტეტის წევრებს, უახლოს პერიოდში ვნახავთ. გვარამიას უნდა შევახსენოთ, რომ სიმართლე არ ცხოვრობს ტერიტორიულად - არც სტრასბურგში, არც თბილისში, არც ნიუ-იორკში, არც ჟენევაში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
პრემიერი: გვარამია ვერ გაექცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი ბრალი აღიარა>>>
ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფ „გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიას ურჩევს, უარი თქვას სარჩელზე.
„ჩვენ პოლიტიკოსები ვართ და ამ ქვეყანაში უნდა ვცდილობდეთ სასამართლო ავაწყოთ. ჩემი აზრით, ჩვეულებრივი ადამიანები საერთაშორისო სასამართლოების იმედად ვერ იქნებიან. საქმეების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა მოტივით განსახილველად არ მიიღება. ვფიქრობ, რომ გასაჩივრება ისევ ასე შეიძლება დასრულდეს არა იმიტომ, რომ გვარამია მტყუანია ან მართალი, არამედ იმიტომ, რომ ასეთი სახის ისტორიები ეფექტური არ არის. მის ადგილზე ამას არ გავაკეთებდი“, - განაცხადა ხვიჩიამ.
2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამია, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებოდა ბრალად, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაში და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც უზენაესმა სასამართლომ მისი სარჩელი დაუშვებლად მიიჩნია და ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც, თავის მხრივ, ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა" ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2"-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.
© photo: Sputnik / Stringerნიკა გვარამია
Ника Гварамия в зале суда перед вынесением приговора - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2024
ნიკა გვარამია
ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს გვარამიას გათავისუფლება, რომელსაც პოლიტპატიმარს, სასამართლოს გადაწყვეტილებას კი უსამართლოს უწოდებდნენ. 2023 წლის ივლისში, მას შემდეგ რაც ევროკომისიამ თავის შუალედურ ანგარიშში დაწერა, რომ საქართველომ ვერ მიაღწია პროგრესს მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის პროცედურების მიმართულებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა გვარამია.
გვარამიამ ციხის დატოვებისთანავე განაცხადა, რომ აღარ იქნება „მთავარი არხის" ხელმძღვანელი. 2023 წლის სექტემბერში მან პირდაპირ განაცხადა, რომ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას. 2024 წლის მარტში გვარამიამ „ნაცმოძრაობის" ექს-თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად ოპოზიციური პარტია „ახალი" დააფუძნა.
ყველა ახალი ამბავი
0