პრემიერი: გვარამია ვერ გაექცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი ბრალი აღიარა

© photo: Sputnik / Stringerნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2024
გამოწერა
გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაში და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას მიმართვა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში არის ტრიუკი და ამით ის ცდილობს გაექცეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მისი დამნაშავეობა დაამტკიცა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„რუსთავი2“-ის ყოფილმა გენდირექტორმა და „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, მას შემდეგ რაც სტრასბურგის სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო, განაცხადა, რომ ანალოგიური საჩივრით გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს უნდა მიმართოს.
„გვარამიასთვის ძალიან მტკივნეულია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს ამ კონკრეტულ ევროპულ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და მისთვის გაერო-სთვის მიმართვა რაღაცა პატარა ტრიუკია, რომლითაც ცდილობს, რომ გაექცეს მისთვის მტკივნეულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კობახიძემ.
საზოგადოება, რა თქმა უნდა, ყველაფერს ხედავს და გვარამია ვერ გაექცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ რეალურად დაადასტურა მისი დამნაშავეობა, აღნიშნა პრემიერმა. კობახიძის თქმით, ყველამ ისედაც იცის თუ რა დანაშაული ჩაიდინა გვარამიამ კონკრეტულ შემთხვევაში, წარსული დანაშაულები კიდევ უფრო კარგად იცის.
„აქედან გამომდინარე, ვერავითარი ტრიუკებით ამ დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობას გვარამია ვერ აირიდებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამია, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებოდა ბრალად, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაში და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც უზენაესმა სასამართლომ მისი სარჩელი დაუშვებლად მიიჩნია და ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც, თავის მხრივ, ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა" ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2"-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს გვარამიას გათავისუფლება, რომელსაც პოლიტპატიმარს, სასამართლოს გადაწყვეტილებას კი უსამართლოს უწოდებდნენ. შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.
გვარამიამ ციხის დატოვებისთანავე განაცხადა, რომ აღარ იქნება „მთავარი არხის" ხელმძღვანელი. 2023 წლის სექტემბერში მან პირდაპირ განაცხადა, რომ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას. 2024 წლის მარტში გვარამიამ „ნაცმოძრაობის" ექს-თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად ოპოზიციური პარტია „ახალი" დააფუძნა.
ყველა ახალი ამბავი
0