ვოლსკი: დიდმა ქვეყნებმა საქართველო თანაბარ პარტნიორად უნდა განიხილონ

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2024
გამოწერა
მმართველ პარტიას აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობიდან კონკრეტული შედეგების დანახვა სურს
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. დიდმა ქვეყნებმა საქართველო თანასწორ პარტნიორად უნდა განიხილონ, რადგანაც რეგიონი და ქვეყნის ადგილმდებარეობა მიუთითებს მის მნიშვნელობაზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
პარტია „ხალხის ძალამ“, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ წასულმა დეპუტატებმა შექმნეს, მანამდე გამოთქვა ეჭვი იმის შესახებ, არის თუ არა შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ არ არსებობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, არც აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, არც პირდაპირი ავიარეისები და არც უვიზო რეჟიმი.
„ბევრ რამეს უნდა გადავხედოთ ორმხრივ ურთიერთობაში, მაგრამ თუკი ვინმეს არ მივაჩნივართ თანასწორ პარტნიორად და პატარა ქვეყანა დიდი ქვეყნისთვის არ არის თანასწორუფლებიანი პარტნიორი, ვფიქრობ, ესეც დიდი შეცდომაა, ვინაიდან რეგიონი და საქართველოს გეოლოკაცია სწორედაც მის მნიშვნელობაზე მიუთითებს", - განაცხადა ვოლსკიმ.
პოლიტიკოსის თქმით, სტაბილურობა ამ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის და ჩინეთის ინტერესებში უნდა იყოს.
„საქართველოს ინტერესია განავითაროს ურთიერთობა ჩინეთთან, ისევე როგორც ევროკავშირის უამრავი ქვეყნის ინტერესია მათთან ურთიერთობის განვითარება და ისევე, როგორც ევროკავშირის ნახევარზე მეტ ქვეყანას, უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან საქართველოსაც აქვს. ეს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარ მახასიათებელს გულისხმობს. ასეთი მახასიათებლები გვინდა აშშ-სგან", - განაცხადა ვოლსკიმ.
აშშ-ის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს გაუწია 6 მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობის დახმარება. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, თანხის უმეტესი ნაწილი არასამთავრობო სექტორზე მიდიოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების თემა ერთ-ერთი აქტუალურია საქართველოში. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს საზიანოდ მოქმედებს.
ამ დროისთვის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც აშშ-სა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია.
საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
რაც შეეხება ჩინეთს, 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ერთაშორის და კულტურულს, ასევე საერთაშორისოს.
გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
2024 წლის 26 თებერვალს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს - საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩინეთში უწყვეტად 30 დღე დაჰყონ.
ყველა ახალი ამბავი
0