ოპოზიცია ცესკოს დისკრედიტაციას ახდენს - პრემიერ-მინისტრი

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2024
გამოწერა
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციის მიზნით.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ოპოზიციამ იცის, რომ საპარლამენტო არჩევნებს წააგებს და აწარმოებს კამპანიას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ არჩევნების დელეგიტიმაციის მიზნით, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ სამთავრობო უწყების თანამშრომლების დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია ახალ ეტაპზე გადადის, დაფიქსირდა თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტები და მათი პირადი მონაცემების უკანონო გამოყენების მცდელობები.
„ჩვენ დღევანდელი მონაცემებით ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში. ასეთ პირობებში თავიდან ბოლომდე ოპოზიცია ორიენტირებულია ერთადერთ რამეზე - ეს არის არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობა და ამას უკავშირდება ის კამპანიები, რომლებიც წარმოებს ცესკო-ს წინააღმდეგ“, - აღნიშნა კობახიძემ.
ეს კამპანიები აბსოლუტურად უსუსურია, შესაბამისად, წარმატების შანსი არ აქვთ, აღნიშნა პრემიერმა.
მიმდინარეობს თანამშრომლების დისკრედიტაციის მცდელობა: ცესკომ განცხადება გაავრცელა>>
ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მას მმართველი პარტიის ხელდასმულს უწოდებს. თებერვლის ბოლოს მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მიიღეს მისი გათავისუფლების დავალება და ამისთვის შეიქმნა ორი სცენარი: მასობრივი ბულინგი პოლიტიკოსების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, მეორე სცენარი კი ფიზიკურ თავდასხმას ითვალისწინებდა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ისინი სრულიად პროპორციული იქნება და პარლამენტში მოხვდებიან მხოლოდ პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. მანდატების რაოდენობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული ხმების რაოდენობაზე და იმაზე, თუ რამდენი პარტია გადალახავს ბარიერს.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
ამჟამად ოპოზიციურ სპექტრში არჩევნების წინ ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ.
2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნებს იგებდა ერთი პარტია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.
ყველა ახალი ამბავი
0