მიმდინარეობს თანამშრომლების დისკრედიტაციის მცდელობა: ცესკომ განცხადება გაავრცელა

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2024
გამოწერა
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციას ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება სურს
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია ახალ ეტაპზე გადადის, დაფიქსირდა თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტები და მათი პირადი მონაცემების უკანონო გამოყენების მცდელობა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მას მმართველი პარტიის ხელდასმულს უწოდებს. თებერვლის ბოლოს მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მიიღეს მისი გათავისუფლების დავალება და ამისთვის შეიქმნა ორი სცენარი: მასობრივი ბულინგი პოლიტიკოსების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, მეორე სცენარი კი ფიზიკურ თავდასხმას ითვალისწინებდა.
„როგორც ჩანს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და მის თანამშრომელთა გამიზნული დისკრედიტაციის კამპანია ახალ ეტაპზე გადადის - ფიქსირდება მათი პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ არაკეთილსინდისიერად მოპოვებისა და გამოყენების არაეთიკური მცდელობები, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირად ცხოვრებაში შეჭრის, მათგან პერსონალური ინფორმაციის მოპოვების, მცდელობები“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცესკოში აღნიშნეს, საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც ღია და გამჭვირვალე ორგანიზაციის რეპუტაცია უდავოა როგორც ჩართული მხარეებისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ხოლო მისი თანამშრომლები თავიანთ საქმიანობაში განუხრელად იცავენ მიუკერძოებლობისა და კანონიერების პრინციპებს.
„ამ ფონზე, მსგავსი კამპანიები და მცდელობები ცალსახად ემსახურება იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გადაფარვას და გაუფასურებას, რომელიც მიღწეული იქნა ბოლო პერიოდის განმავლობაში და შესაძლოა შეფასდეს, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცესკოში აცხადებენ, რომ ყველა კანონიერი ბერკეტის გამოყენებით არ დაუშვებს ადმინისტრაციის თანამშრომელთა უფლებების შელახვას, მათ პირად ცხოვრებაში შეჭრასა და პერსონალური ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგოდ გავრცელებას.
„ადმინისტრაციის თანამშრომლები კანონშესაბამისად და ღირსეულად გააგრძელებენ საქმიანობას არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცესკოში აღნიშნეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ტრადიციულად იქნება თავისი თანამშრომლების კანონიერი ინტერესების დამცველი, ხოლო ამ ინტერესების შელახვის ყოველ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, მათ შორის ინფორმირებული იქნება ყველა საერთაშორისო პარტნიორი.
„დღეს, როდესაც ევროპაში გამოკვეთილი აქცენტია საარჩევნო ადმინისტრაციების თანამშრომელთა რეპუტაციის, საქმიანობის და იმიჯის დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება, ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთი ჩართული მხარე მოქმედებს ვიწრო პირადი თუ პარტიული ინტერესებით, რაც თავის მხრივ ხელს უშლის არჩევნების მოდერნიზების მნიშვნელოვან პროცესს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცესკო მოუწოდებს ყველას, დაიცვან ეთიკისა და კანონის მოთხოვნები და ხელს ნუ შეუშლიან 2024 წლის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას, ვინაიდან არჩევნები საერთო საქმეა.
არჩევნები-2024
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0