საქართველოში შიდა რეისებზე ბილეთები შესაძლოა გაძვირდეს

© photo: Sputnik / Stringerაეროპორტი მესტიაში
აეროპორტი მესტიაში - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2024
გამოწერა
მგზავრები შიდა რეისებზე ბილეთში სრული თვითღირებულების 40%-ს იხდიან
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. საქართველოში შიდა ფრენებზე ბილეთების ფასი უნდა გადაიხედოს, რადგან მცირე ბაზრის პირობებში შიდა ფრენები ძალიან დიდ ხარჯებს უკავშირდება, განაცხადა AK Air Georgia-ს ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
ავიაკომპანია 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ჩართულია სახელმწიფო პროექტში „შიდა ფრენები სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში“. ბილეთების ფასებზე სახელმწიფო სუბსიდირების მიუხედავად, AK Air აცხადებს, რომ მუშაობს ზარალზე, რადგან ხარჯებს ვერ ფარავს.
„ქვეყანა პატარაა, ავიაცია საკმაოდ ძვირი სექტორია. სერვისის და უსაფრთხოების დონე იმდენად მაღალია, რომ ტექნიკური მომსახურების პროგრამები ძალიან ძვირი ჯდება“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
მღებრიშვილის თქმით, მომხმარებელი შიდა ფრენებზე ბილეთში სიმბოლურ ფასს იხდის.
„ამ პერიოდში სახელმწიფო სუბსიდირების ნაწილი 61-62%-ია, მგზავრის გადახდილი თანხა 38-39%-ია, რაც მე ვთვლი, რომ სიმბოლური ფასია. მიუხედავად იმისა, რომ ამაში საქართველოს ბევრი მოქალაქე არ დამეთანხმება და იტყვის, რომ 90 ლარად სალონიკში დაფრინავს და რა უნდა მესტიაში 90 ლარად?!“ - განმარტა მან.
ავიაკომპანია ახორციელებს შიდა ფრენებს სოფელ ნატახტარიდან მესტიის, ბათუმისა და ამბროლაურის მიმართულებით, ასევე მესტიიდან ქუთაისის მიმართულებით. ნატახტარი-მესტიის რეისის ბილეთი ღირს 90 ლარი, ნატახტარი-ამბროლაური - 50 ლარი, მესტია-ქუთაისი - 50 ლარი, ნატახტარი-ბათუმი - 125 ლარი (მაგრამ კომპანიამ 2023 წლის შემოდგომაზე ფრენები შეწყვიტა). სამ წლამდე ბავშვებს ბილეთი არ სჭირდებათ, 12 წლამდე მოზარდებს კი 30%-იანი ფასდაკლება აქვთ.
რამდენმა ადამიანმა ისარგებლა საქართველოს აეროპორტებით - ახალი მონაცემები>>
როგორც AK Air Georgia-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, პანდემიამ დიდი ზარალია მიაყენა მსოფლიო ავიაციას, საქართველოში მათ შორის, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ავიაციაში პროფესიონალი კადრების დეფიციტია, კომპანიამ შეინარჩუნა ყველა მაღალკვალიფიციური პერსონალი, მიუხედავად იმისა, რომ ფრენებზე მოთხოვნის არარსებობის გამო დიდი ზარალი მიადგა.
რაც შეეხება ფრენების დატვირთვას, მღებრიშვილის ინფორმაციით, მესტია ერთადერთი მიმართულებაა, სადაც საშუალო წლიური დატვირთვა 90%-ის ფარგლებშია. ამბროლაურში ეს არის მხოლოდ 60%, და როდესაც კომპანია დაფრინავდა ბათუმში, საშუალო წლიური დატვირთვა ამ მიმართულებაზე იყო 75%.
„ავიაციაში 70% ითვლება ნულოვან წერტილს ოდნავ აცილებად“, - აღნიშნა მან.
2021 წლის 1 თებერვლიდან საქართველომ დაიწყო რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენა ყველა მიმართულებით, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო იყო შეჩერებული, შიდა ფრენები 12 თებერვლიდან აღდგა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანა 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან იყო დაკეტილია, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. საქართველოდან და უკანა მიმართულებით ხორციელდებოდა მხოლოდ სპეციალური რეისები, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ემსახურებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0