კობახიძე: ინოვაციურ ტექნოლოგიებს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2024
გამოწერა
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წყალობით საქართველოში სამი ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს მთავრობა სტარტაპებს ქვეყანაში აქტიურად უჭერს მხარს. 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო შეიქმნა. სააგენტოს მთავარი მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და მისი მხარდაჭერა. სააგენტო ასევე ხელს უწყობს ბიზნესისა და ინოვაციური გარემოს გაუმჯობესებას.
„ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის განსაკუთრებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც სააგენტო საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებისთვის ახორციელებს", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სააგენტოს ათწლიანი საქმიანობის შედეგები შთამბეჭდავია. საგრანტო პროგრამების ფარგლებში, დაახლოებით 38 მლნ ლარით დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი.
„შედეგად, ბენეფიციარებმა დააგენერირეს ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის კერძო ფინანსური სარგებელი და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შექმნეს 3 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. დამეთანხმებით, ეს არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგები", - განაცხადა პრემიერმა.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმატებებზე საუბრისას, კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში გლობალური ვენჩურული პლატფორმა 500 Global-ის შემოსვლა.
საქართველოში სტარტაპები გადასახადებისგან გათავისუფლდებიან - პრემიერი ახალ ინიციატივაზე>>>
2022 წლის აგვისტოში ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და 500 Global-ს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს აქსელერაციის ეტაპზე გადასული სტარტაპების ოთხი წლის მანძილზე გადამზადებას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს აქსელერაციის ეტაპზე გადასული სტარტაპების რვა ეტაპად მომზადებას, მათ შორის საერთაშორისო სტარტაპების.
„საერთაშორისო დონის აქსელერაციის პროგრამაში ქართულთან ერთად მონაწილეობენ საერთაშორისო სტარტაპებიც. ეს ფაქტი საქართველოს, როგორც რეგიონული ინოვაციური ჰაბის როლს უსვამს ხაზს. აქსელერაციის პროგრამის შედეგად 2022 წელს საქართველოში შეიქმნა პირველი კერძო ვენჩერული ფონდი 20 მილიონი დოლარის კაპიტალით", - განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, საქართველოს მასშტაბით შექმნილია 9 ტექნოპარკი, რომლებიც „ერთი ფანჯრის" პრინციპით უზრუნველყოფს ინოვაციური იდეების მქონე მოქალაქეების დახმარებას სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. 2024 წელს ქუთაისი მეათე ტექნოპარკი გაიხსნება.
ყველა ახალი ამბავი
0