Голосование на выборах президента России за рубежом - Sputnik საქართველო, 1920
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024

მშვიდად და დარღვევების გარეშე - ქართველი დამკვირვებელი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე

© photo: Sputnik / Stringerვასო კაპანაძე
ვასო კაპანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2024
გამოწერა
ქართველი დამკვირვებლები სამი დღის განმავლობაში 20-მდე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა, განაცხადა საერთაშორისო საკითხებში ექსპერტმა ვასო კაპანაძემ „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.
კაპანაძე რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდა როგორც საქართველოდან დამკვირვებელთა ჯგუფის წევრი. კენჭისყრა სამი დღე - 15, 16 და 17 მარტს გაიმართა.
„საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ, ღია, მეგობრულ ატმოსფეროში. სამი დღის განმავლობაში 20-მდე საარჩევნო უბანი მოვინახულეთ. ჯგუფში იყო ოთხი დამკვირვებელი საქართველოდან, ორი საფრანგეთიდან და ორი იტალიიდან. განსაკუთრებული შემთხვევა, რომელსაც შეიძლება დარღვევა ვუწოდოთ, ვერ დავაფიქსირეთ“, - განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლები საკუთარ თავს ვერ პოულობდნენ საარჩევნო სიებში, თუმცა, ოპერატიულად ხდებოდა მათი გადამისამართება სხვა უბნებზე, სადაც რეგისტრირებული იყვნენ.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების პროცესს ქართველი დამკვირვებლები აკვირდებიან>>>
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, კენჭისყრის პროცესს სხვადასხვა ქვეყნის მრავალი დამკვირვებელი აკვირდებოდა.
„ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო ამ არჩევნებზე დაკვირვება, დაინერგა სიახლეები, როდესაც ამომრჩევლებს შეეძლოთ საკუთარი პასპორტების სკანირება უშუალოდ საარჩევნო უბნებზე და ვინაობის გადამოწმების შემდეგ, ბიულეტენის მიღება და ადგილზე ხმის მიცემა“, - განაცხადა ექსპერტმა.
ამასთან, როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ამომრჩეველთა ნაწილმა ღიად დააფიქსირა თუ ვის მისცა ხმა და მათმა უმრავლესობამ ვლადიმირ პუტინი დაასახელა.
„ჩვენ არ გვიკითხავს, ​​მაგრამ ზოგიერთმა ამომრჩეველმა ჩვენთან საუბარში ღიად განაცხადა, თუ ვის მისცა ხმა. იყვნენ ისეთებიც, ვინც ხმას აძლევდა ხარიტონოვს და სლუცკის, მაგრამ უმეტესობამ არჩევანი პუტინზე გააკეთა“, - განაცხადა კაპანაძემ.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87,28%-ით ლიდერობს ვლადიმირ პუტინი, ნიკოლაი ხარიტონოვმა ხმების 4,31%, ვლადისლავ დავანკოვმა 3,85%, ხოლო ლეონიდ სლუცკიმ - 3,2% მიიღო.
ქართველ დამკვირვებელთა ჯგუფში, კაპანაძის გარდა, შედიოდნენ პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, მიხეილ ჟღენტი („სოლიდარობა მშვიდობისთვის“), თეიმურაზ მაისურაძე (სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი).
რუსეთის ცესკოს მონაცემებით, არჩევნებზე აკრედიტირებული იყო 700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი 107 ქვეყნიდან.
ყველა ახალი ამბავი
0