რაზე შეთანხმდნენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაქოში

© photo : TRENDსაქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2024
გამოწერა
კასპიისა და შავი ზღვების აუზებში ჩამოყალიბდა ეკონომიკური თანამშრომლობის სამკუთხედი - აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო, განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. ერთობლივი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელება, ასევე საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საკითხები განიხილებოდა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეცხრე შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც დარჩიაშვილი თავის აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან და ჰაკან ფიდანთან ერთად გამოვიდა.
„დღევანდელ გამოწვევებზე საუბრისას, აქცენტი გავაკეთეთ ერთობლივ რეგიონულ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ პროექტებზე, სამომავლო პერსპექტივებსა და დაკავშირებადობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე. ხაზგასასმელია, რომ ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ პროექტებს და მზად ვართ, კიდევ უფრო მეტად და აქტიურად შევუწყოთ ხელი მათ სრულფასოვან ფუნქციონირებას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის როლი აზიიდან ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების ტრანსპორტირების საკითხში და ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„ხაზი გავუსვით, რომ უკვე წარმატებულად განვახორციელეთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ენერგეტიკული პროექტები. დიდი ყურადღება დავუთმეთ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის სრულყოფილ რეალიზაციას“, - განაცხადა მან.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული მდებარეობებისა და სატრანსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, ქვეყნები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თანამშრომლობის გაღრმავებას შუა დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.
„ამ თვალსაზრისით, გამოვხატეთ მზაობა, კიდევ უფრო მეტად ვიმუშაოთ ერთად არა მხოლოდ ამ ფორმატში, არამედ სხვა ფორმატებშიც, რათა ეს პროცესები კიდევ უფრო ეფექტური იყოს“, - განაცხადა მინისტრმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტზე, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი მარშრუტია. ხაზი გაესვა უახლოეს მომავალში პროქტის სრულფასოვნად ამოქმედების აუცილებლობას.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო უფრო ფართო სატრანსპორტო კვანძების შექმნის შესახებ შეთანხმდნენ.
კასპიისა და შავი ზღვების აუზებში ჩამოყალიბდა ეკონომიკური თანამშრომლობის სამკუთხედი - აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო, აღნიშნა მან.
„დღეს ჩვენ ასევე შევთანხმდით უფრო ფართო სატრანსპორტო კვანძების შექმნის შესახებ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებით. ჩვენ ასევე მივაღწევთ დიდ ერთობლივ წარმატებებს ალტერნატიული ენერგიის სფეროში", - განაცხადა ბაირამოვმა.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი სამმხრივი შეხვედრა ანკარაში გაიმართება.
აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელების პირველი სამმხრივი შეხვედრა 2012 წლის 8 ივნისს გაიმართა. მაშინ ხელი მოეწერა ტრაპიზონის დეკლარაციას ქვეყნებს შორის პოლიტიკის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. მას შემდეგ შეხვედრები რეგულარულად იმართება წელიწადში ორჯერ.
საგარეო საქმეთა მინისტრების წინა სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ფორმატში თბილისში გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0