შსს-ს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ახალი ვერტმფრენი გადაეცა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaშსს-ს სასაზღვრო პოლიციას ევროპული ტიპის H145 ვერტმფრენი გადაეცა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ევროპული ტიპის H145 ვერტმფრენი გადაეცა - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2024
გამოწერა
საქართველოში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ასრულებენ როგორც საზღვრის დაცვის ფუნქციას, ასევე მონაწილეობენ სამაშველო ოპერაციებში.
თბილისი, 12 მარტი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის H145 ვერტმფრენი შეემატა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან ხელშეკრულება სამი H145-ის მარკის ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით 2022 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა. შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.
უწყების ცნობით, თანამედროვე ევროპული ტიპის H145 ვერტმფრენი ფრანგული კომპანია Airbus Helicopters ერთ-ერთი უახლესი მოდელია. ახალი ბორტები სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. აქვს ორი ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას.
„ამ ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება. მსგავს ვერტმფრენებს წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას გერმანიაში, Airbus Helicopters-ის სასწავლო აკადემიაში გადიან. მომზადების კურსი 15 მარტს დასრულდება, რის შემდეგაც ქართული ეკიპაჟი ვერტმფრენს საქართველოში ჩამოიყვანს.
შვეულმფრენების ჯამური ღირებულება 26,5 მილიონ ევროს შეადგენს.
იმის შესახებ, რომ საქართველო ფრანგული კომპანია Airbus Helicopters-სგან H145-ის მარკის სამი ახალი შვეულმფრენის შეძენას აპირებს, 2022 წელს გახდა ცნობილი, მას მერე, რაც 29 ივლისს გუდაურის მთებში პარაპლანისტის გადარჩენის ოპერაციის დროს შსს-ს ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. იმ დღეს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
ყველა ახალი ამბავი
0