გელათში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები იწყება: გამოვლენილია 21 კრიტიკული კერა

© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaგელათი
გელათი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2024
გამოწერა
მონასტრის ტერიტორიაზე საველე-სამეცნიერო ლაბორატორიები მოეწყო, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები იმუშავებენ.
თბილისი, 12 მარტი - Sputnik. გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები იწყება, იუწყება „პირველი არხი“.
გელათის მონასტერში რამდენიმე დღეა საერთაშორისო სპეციალისტების მორიგი ჯგუფი იმყოფება და არსებულ სიტუაციას იკვლევს. სპეციალისტებმა დღეს ტაძრის შიდა სივრცეში არსებული მდგომარეობის პირველად დასკვნაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ გამოვლენილია 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაციაც მოხდება. პარალელურად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.
გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოებს იტალიელი და ინგლისელი სპეციალისტები შეასრულებენ - პროცესი წლის განმავლობაში უწყვეტად გაგრძელდება.
პარალელურად, იტალიელი სპეციალისტი, რომის არქეოლოგიური ცენტრის დირექტორი რობერტო ნარდი მოზაიკას შეისწავლის, დიაგნოსტიკის შემდეგ კი დაიწყება მოზაიკის კონსერვაციაც.
„გელათის მოზაიკა თავის თავზე თვითონ საუბრობს. ის არის უმნიშვნელოვანესი მოზაიკა.გელათის დროის საზომი არის საუკუნეები. მთავარია, რომ ჩვენ არ ვიჩქაროთ, ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება. მინიმუმ ერთი წელი გვჭირდება მონიტორინგისა და შესწავლისთვის. ჯერ კონკრეტული ვადების დასახელება ადრეა", - განაცხადა რობერტო ნარდიმ.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ეროვნული-სამეცნიერო საბჭოს მდივნის დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, ყველა სამუშაო, რომელიც გელათში ჩატარდება, დეტალური სამეცნიერო კვლევის შედეგად არის დაგეგმილი.
„ექსპერტებმა განსაზღვრეს ყველა პრობლემური წერტილი და შეძლებისდაგვარად ხდება აღდგენა. შეუძლებელია ყველაფრის აღდგენა, ეს პრობლემები ერთი კვირის და ერთი წლის წინ არ არის დაწყებული, საკმაოდ დიდი ხნის არის, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ არის ერთიანობა, სამეცნიერო ხედვა, რომელიც გადის დიდ საერთაშორისო ფილტრს“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
გელათის რეაბილიტაციის პრობლემა 2023 წლის აპრილში საქართველოს საპატრიარქომ გადაიბარა. მანამდე ეს საქმე კულტურის სამინისტროს ჰქონდა დავალებული. საპატრიარქომ კულტურის სამინისტროს მუშაობის თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა და მოითხოვა რესტავრაციის ჩატარება ერთიანი მართვის გეგმით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
გელათის პრობლემები
ტაძრის დასავლეთ მკლავის და სამლოცველოს გადახურვა არასწორი მეთოდით და უხარისხო მასალებით მოხდა, რის გამოც სახურავიდან წყალმა იწყო დენა. 2021 წლისთვის ტაძარში კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილიც დააზიანა და წყალმა ისევ დააზიანა ფრესკები.
საპატრიარქო გელათთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს>>>
დროებითი გადახურვის სამუშაოებს და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებს სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა.
ამ სამუშაოების შემდეგ სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.
ყველა ახალი ამბავი
0