საპატრიარქო გელათთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaგელათი
გელათი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2023
გამოწერა
გელათის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მისია ჩამოვიდა.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოები საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მისიის ზედამხედველობით ტარდება, რომელთა მიერ შეგროვებული მასალის საფუძველზე კედლის მხატვრობისთვის საჭირო საკონსერვაციო ღონისძიებების განსაზღვრა მოხდება, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
გელათის რეაბილიტაციის პრობლემა 2023 წლის აპრილში საქართველოს საპატრიარქომ გადაიბარა. მანამდე ეს საქმე კულტურის სამინისტროს ჰქონდა დავალებული. საპატრიარქომ კულტურის სამინისტროს მუშაობის თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა და მოითხოვა რესტავრაციის ჩატარება ერთიანი მართვის გეგმით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
ამჟამად გელათში მუშაობს კონსერვატორ-რესტავრატორთა ჯგუფი, რომელიც აწარმოებს კედლის მხატვრობის ტექნოლოგიურ კვლევას, ამზადებს ფერწერის ტექნოლოგიის ვიზუალურ ლექსიკონს და დეტალურად აღწერს ძეგლის პრობლემებს.
ვითარება გელათის მონასტრის ირგვლივ - ადგილზე უცხოელი არქეოლოგები და გეოფიზიკოსები მუშაობენ>>>
არსებული მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაცია უკვე წარედგინა საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც მთავარი ტაძრის კედლის მხატვრობის ინსპექტირებას ახდენენ. შეგროვებული მასალის საფუძველზე მოხდება კედლის მხატვრობისთვის საჭირო საკონსერვაციო ღონისძიებების განსაზღვრა.
ინსპექტირების სამუშაოების დასრულების შემდეგ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები 15 ივლისს სამეცნიერო დისკუსიას, მოგვიანებით კი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
გელათის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მისია. საბჭოს წევრები ადგილზე ეცნობიან სიტუაციას და მიმდინარე საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს.
აღსანიშნავია, რომ მისიის ფარგლებში მოწვეული არიან იტალიელი, გერმანელი, ბრიტანელი და ამერიკელი უმაღლესი რანგის პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებიც დარგის წამყვან ინსტიტუციებს წარმოადგენენ და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის არაერთ მნიშვნელოვან ძეგლზე წარმატებით მუშაობის გამოცდილება აქვთ.
გელათის პრობლემები
ტაძრის დასავლეთ მკლავის და სამლოცველოს გადახურვა არასწორი მეთოდით და უხარისხო მასალებით მოხდა, რის გამოც სახურავიდან წყალმა იწყო დენა. 2021 წლისთვის ტაძარში კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილიც დააზიანა და წყალმა ისევ დააზიანა ფრესკები.
გელათის მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ>>>
დროებითი გადახურვის სამუშაოებს და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებს სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა.
ამ სამუშაოების შემდეგ სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.
ყველა ახალი ამბავი
0