საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გახდა

© Parliament of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2024
გამოწერა
ექს-მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა 1 მარტს დატოვა
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის ახალ მინისტრად მიხეილ სარჯველაძე წარადგინა.
როგორც პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯანდაცვის ახალ მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა გამოწვევებთან გასამკლავებლად.
„ერთკვირიანი კონსულტაციების შემდეგ საბოლოოდ უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ნდობა მაქვს. ყველა მიმართულებით გამოწვევები არის უამრავი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სარჯველაძე თავისი პროფესიონალიზმით და გამორჩეული პიროვნული თვისებებით იქნება საუკეთესო მინისტრი და ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მოუტანს ამ დარგს“, – განაცხადა კობახიძემ.
სარჯველაძემ გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრობა განსაკუთრებული პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა.
„დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ასევე ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა სამედიცინო საზოგადოებისადმი. მიმაჩნია, რომ ეს არის ამ ქვეყნის უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე საზოგადოება, რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი იქნება ყველა დასახული მიზნის მიღწევა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრის შემწეობით, მისი მხარდაჭერით, შევძლებთ, ვიყოთ წარმატებული “, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძე ამ დრომდე მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. წლების განმავლობაში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ასევე ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
სარჯველაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტი 1 მარტს დატოვა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაშინ განმარტა, ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციის კუთხით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. ირაკლი კობახიძემ ამის ერთ-ერთ მაგალითად რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები მოიყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0