გაგრძელდება თუ არა საქართველოში რეფინანსირების განაკვეთის კლება?

© photo: Sputnik / StringerTBC bank-ის სწრაფი გადახდის ტერმინალი
TBC bank-ის სწრაფი გადახდის ტერმინალი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2024
გამოწერა
საქართველოში რეფინანსირების განაკვეთზე 6,5 მილიარდი ლარის ღირებულების 32,1 ათასი ბიზნეს სესხია დამოკიდებული
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. საქართველოში მონეტარული პოლიტიკის შერბილების ყველა წინაპირობა არსებობს, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. რეფინანსირების განაკვეთი, 13 თვის შემდეგ პირველად, 2023 წლის მაისში შემცირდა და 10,5%-ს გაუტოლდა. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში – 10%-მდე, დეკემბერში 9,5%–მდე, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში 9%-მდე შემცირდა.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

„ვხედავთ, რომ თებერვლის ინფლაცია იყოს საკმაოდ დაბალი და მოლოდინები დაბალია, ამიტომ გვაქვს ყველა წინაპირობა, რომ შერბილების ტენდენცია, რაც გაცხადებული გვაქვს, გაგრძელდება შემდეგ პერიოდებშიც. კომიტეტის ზუსტი გადაწყვეტილების გაჟღერება გაგვიჭირდება, თუმცა შერბილების ტენდენციის ყველა წინაპირობა არსებობს", - განმარტა დავით უტიაშვილმა მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 13 მარტს არის ჩანიშნული.
წლიური ინფლაციის დონემ (2024 წლის თებერვალი 2023 წლის თებერვალთან) 0,3% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%), იტყობინება „საქსტატი“.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე პროგნოზის თანახმად, ყველა სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს ინფლაცია დროებით გადააჭარბებს მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს და საბოლოო ჯამში საშუალოვადიან პერსპექტივაში მას დიდად არ გაცდება.
რატომ არის საქართველოში დაბალი ინფლაცია - ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის განმარტება >>>
საქართველოში რეფინანსირების განაკვეთზე 6,5 მილიარდი ლარის ღირებულების 32,1 ათასი ბიზნეს სესხია დამოკიდებული.
გარდა ამისა, უტიაშვილის თქმით, მიუხედავად გარე ფაქტორების ცვალებადობისა, რუსეთის გადაწყვეტილების ჩათვლით ბენზინის ექსპორტის დროებით აკრძალვის შესახებ, რომელსაც საქართველო აქტიურად ყიდულობს, ეროვნული ბანკი უფრო ფუნდამენტურ ფაქტორებს აქცევს ყურადღებას.
„საგარეო ფაქტორები ცვალებადია, მათ შორის რუსეთის გადაწყვეტილებამაც [ბენზინის ექსპორტის აკრძალვა] შეიძლება იქონიოს რაღაც გავლენა, თუმცა ველოდებით, რომ ეს გავლენა იქნება მინიმალური და ზოგადად, ასეთი ტიპის საგარეო ფაქტორების მიმართ ეროვნული ბანკის პოლიტიკა არ იცვლება ხოლმე. ეს არის ერთჯერადი, დროებითი ფაქტორები, ამიტომ ჩვენ ვუყურებთ ფუნდამენტურ ფაქტორებს“, - განაცხადა მან.
რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზარზე ფასების სტაბილიზაციის მიზნით 1 მარტიდან ბენზინის ექსპორტი 6 თვით აკრძალა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ბენზინი და დიზელის საწვავი რუსეთიდან შემოვიდა - 736,1 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 60,9%-ია.
ყველა ახალი ამბავი
0