რატომ არის საქართველოში დაბალი ინფლაცია - ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის განმარტება

© National Bank of Georgiaნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2024
გამოწერა
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის აზრით, მაღალი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია იძლევა მონეტარული პოლიტიკის უფრო თამამი ტემპით შემსუბუქების შესაძლებლობას.
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. ინფლაციის დაბალ მაჩვენებელს (1%-ზე დაბალი) განაპირობებს ეკონომიკური ზრდა წარმოების ხარჯზე, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
წლიური ინფლაციის დონემ 2024 წლის იანვარში 0% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%), იტყობინება „საქსტატი“.
„ინფლაცია გასული წლის მარტის თვიდან მოყოლებული, მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში კი 1%-ზე დაბალ ნიშნულზე ფიქსირდება. ეს მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდა პროდუქტიულობის ზრდის ხარჯზე ხდება. აღსანიშნავია, რომ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი გაიზარდა, მოხდა პროდუქტიული დარგების უპირატესი განვითარება, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ინფლაციის ზრდის გამანეიტრალებელი ფაქტორია, ეს ნამდვილად კარგი განვითარებაა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ეს გვაფიქრებინებს, რომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების ტემპი იყოს ცოტა უფრო მეტად თამამი.
„ამასთანავე, მთავარ გამოწვევად რჩება, მონეტარული პოლიტიკის აუცილებელი მოქნილობა. ეროვნულმა ბანკმა თავის დროზე, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უფრო სწრაფად დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და სწორედ ამიტომ ჩვენ სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად, თუმცა საკმაოდ ფრთხილი ნაბიჯებით ვახდენთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას და საპროცენტო განაკვეთის შემცირებას“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და შესაბამისი პროფილური სამინისტროების ერთობლივი ანტი-ინფლაციური პოლიტიკის და მათ მიერ გატარებული კოორდინირებული ღონისძიებების შედეგი სახეზეა.
ინფლაცია იანვარში ნულოვანი აღმოჩნდა: „საქსტატის“ ახალი მონაცემები>>
„ინფლაციის შემცირება და ანტიინფლაციური პოლიტიკა, რომელიც იყო ნაწარმოები, კარგი მაგალითია თუ როგორ კარგ შედეგს გვაძლევს კოორდინაცია ეკონომიკურ პოლიტიკაში. მთავრობის მიერ გატარებულმა ანტი-ინფლაციურმა ზომებმა, მათ შორის კონკურენციის გაძლიერებამ სხვადასხვა სექტორში, ჩვენის მხრიდან კი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ ერთიანობაში ძალიან კარგი შედეგი მოგვცა", - განაცხადა თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. რეფინანსირების განაკვეთი, 13 თვის შემდეგ პირველად, 2023 წლის მაისში შემცირდა და 10,5%-ს გაუტოლდა. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში – 10%-მდე, დეკემბერში 9,5%–მდე, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში 9%-მდე შემცირდა.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
ყველა ახალი ამბავი
0