საქართველოში 2024 წელს მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება

© Ministry of Education and Science of Georgiaგიორგი ამილახვარი
გიორგი ამილახვარი - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2024
გამოწერა
ფესტივალი უახლოეს კვირებში დაიწყება და მიმდინარე სემესტრის ბოლომდე გაგრძელდება, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე წელს მასშტაბური სამთვიანი ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება, განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდული პოლიტიკის პრეზენტაციაზე.
ფესტივალში ქვეყანაში არსებული ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტის სტუდენტი ჩაერთვება.
ფესტივალი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სპორტი (ტურნირები სპორტის სახეობებში), კულტურა (კონკურსი კულტურის სხვადასხვა მიმართულებით), ინტერმედია (თეატრალურ-თემატური კონკურსი უნივერსიტეტებს შორის), მოხალისეობა (მოხალისეობის კონკურსი უნივერსიტეტებს შორის). ფესტივალის სამიზნე აუდიტორია დაახლოებით 25 ათასი სტუდენტი იქნება.
„ერთი სიახლე, რაც ნამდვილად ინოვაციურია, ეს არის ინტერმედია, როდესაც უნივერსიტეტებში არსებული თეატრები ერთმანეთს სხვადასხვა კონკურსებში შეეჯიბრებიან. მოხალისეობა, ეს მიმართულება ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, რომ თავიანთი ინტერესების მიხედვით, სხვადასხვა სოციალური პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელონ“, - განაცხადა ამილახვარმა.
ამილახვარის თქმით, ახალგაზრდებში საკმაოდ პოპულარულობით სარგებლობს ინოვაციები, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა, ამიტომაც იქნება ე.წ. STEAM მიმართულების კონკურსიც.
ფესტივალი უახლოეს კვირებში დაიწყება და მიმდინარე სემესტრის ბოლომდე გაგრძელდება.
როგორც ამილახვარმა აღნიშნა, წელს საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური თემატური საგრანტო კონკურსი გამოცხადება.
„კონკურსი საქართველოში მცხოვრები პრაქტიკულად ყველა ახალგაზრდისთვის, მათი საინტერესო, შემოქმედებითი იდეების, თუ პროექტების განხორციელების უნიკალური შესაძლებლობა იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა.
როგორც მინისტრმა განმარტა, პროექტების შემუშავებისა და შექმნისას მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებაა.
ამილახვარის თქმით, შეიქმნება პლატფორმა, რომელიც საუკეთესო სივრცე გახდება იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა და სამინისტრომ ერთმანეთისთვის იდეების გაზიარება შეძლონ.
„ეს მოგვცემს შესაძლებლობას მუდმივად გვქონდეს დიალოგი ახალგაზრდებთან, მივიღოთ მათგან უკუკავშირი სხვადასხვა საკითხებზე, რის საფუძველზეცმოხდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება“, - აღნიშნა მინისტრმა.
პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდობა და მათი ნიჭის რეალიზება არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მათი პიროვნული წარმატებისთვის, არამედ, პირველ რიგში, ქვეყნის განვითარებისთვის.
„ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის უმთავრესი ინსტრუმენტი, ბუნებრივია, არის განათლების სისტემა. მზადდება და შემოდგომაზე საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ 4-წლიან გეგმას, რომელიც განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მთავრობის მიზანია განახორციელოს მასშტაბური პროექტები, რომლებიც ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა განახლდეს სახელმწიფო უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპორტის განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის.
„პიროვნული განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნასთან ერთად ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ახალგაზრდებში ეროვნულ-პატრიოტული მუხტის გაღვივებას და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას. ამ მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განათლების ყველა საფეხურზე შესაბამის რეფორმებს განახორციელებს“, - განაცხადა კობახიძემ.
პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ 2024 წელს განათლების სამინისტრო ორგანიზებას გაუწევს ანაკლიის საზაფხულო და თემატურ ბანაკებს სხვადასხვა ლოკაციაზე, რომლებიც 4 ათასამდე მონაწილეს უმასპინძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0