პარლამენტი პორტებში „ერთი ფანჯრის“ მექანიზმის დანერგვაზე მსჯელობს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2024
გამოწერა
საქართველოში ამჟამად ორი - ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საზღვაო პორტებში „ერთი ფანჯრის სისტემის“ დანერგვას.
პორტებში „ერთი ფანჯრის" მექანიზნის დანერგვასთან ერთად, ცვლილებები ითვალისწინებს მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფას.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება საქართველოს ნავსადგურებში გემების შემოსვლისა და გასვლის ფორმალობების გამარტივება და გაციფრულება, რაც საგრძნობლად დააჩქარებს არსებულ პროცესებს და გახდის უფრო სანდოსა და დაცულს.
მეორე მხრივ, ციფრული სისტემა საშუალებას მისცემს ნავსადგურებს, გაზარდონ მიღებული გემების და შესაბამისად ტვირთბრუნვის რაოდენობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საზღვაო სექტორის მდგრადობას.

„აღნიშნული სიახლეების დანერგვა პასუხობს შესაბამისი საერთაშორისო კონვენციისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებს“, - განაცხადა გურამიშვილმა.

საქართველოში ამჟამად ორი - ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. პირველი სპეციალიზირებულია თხევად ტვირთებზე, ხოლო მეორე - გენერალურ (ცალობით) და ნაყარ ტვირთებზე. ბათუმის პორტით შემოდის თხევადი ნახშირწყალბადები (ნავთობი, ნავთობპროდუქტები, თხევადი და შეკუმშული ბუნებრივი აირი), ხოლო სხვა ტვირთები, მათ შორის სასუქები, შემოდის ფოთის გავლით.
დღეისთვის ფოთის პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 550 ათას TEU-მდეა, ბათუმის პორტის კი 200 ათას TEU-მდე.
ყველა ახალი ამბავი
0