საგარეო უწყება: საქართველო ერევანსა და ბაქოს დიალოგისთვის საკუთარ მოედანს სთავაზობს

© photo: MFA of Georgia / FBლაშა დარსალია
ლაშა დარსალია - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2024
გამოწერა
დარსალიას თქმით, მშვიდობას რეგიონში ალტერნატივა არ აქვს, ამიტომაც თბილისი მხარს უჭერს მოლაპარაკებებს და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის დამყარებას.
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველო დაინტერესებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების პროცესის განვითარებით და მეზობლებს მოლაპარაკებებისთვის საკუთარ მოედანს სთავაზობს, განაცხადა ანტალიაში გამართულ დიპლომატიურ ფორუმზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.
მისი თქმით, თბილისისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა რეგიონში და ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ ერევანი და ბაქო შეთანხმებას მიაღწევენ, რითაც ორივე მხარე გამარჯვებული დარჩება.
როგორც დარსალიამ აღნიშნა, საქართველო ხედავს, ესმის და ითვალისწინებს გარკვეულ სირთულეებს, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ მოლაპარაკებებში არსებობს. ამ მიზნით თბილისი მშვიდობიანი კეთილმეზობლობის ინიციატივით უკვე გამოვიდა და ორივე ქვეყანას მოლაპარაკებების კუთხით მხარდაჭერა შესთავაზა.
„ჩვენთვის აშკარაა, რომ უნდა შევინარჩუნოთ თანამშრომლობა (მხედველობაში მაქვს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა - რედ.) ნაცვლად იმისა, რომ გარე მოთამაშეები ჩვენს ასპარეზზე შემოვიდნენ“, - განაცხადა დარსალიამ.
მისი თქმით, მშვიდობას რეგიონში ალტერნატივა არ აქვს, ამიტომაც თბილისი მხარს უჭერს მოლაპარაკებებს და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის დამყარებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ თბილისი დაინტერესებულია ანკარასთან და ბაქოსთან ტრადიციული სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებით.
„რამდენიმე თვის წინ ჩვენ განვაახლეთ ურთიერთობები სომხეთთან და იგი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე მივიყვანეთ. მიგვაჩნია, რომ ეს დიდ წვლილს შეიტანს რეგიონში თანამშრომლობის პროცესში“, - განაცხადა მან.
მინისტრის მოადგილე რეგიონში საკომუნიკაციო პროექტებსაც შეეხო. დარსალიამ ხაზი გაუსვა რეგიონის შესაძლებლობებს, ასევე „შუა დერეფნის" განვითარების პერსპექტივებს.
საქართველომ არაერთხელ გამოთქვა სურვილი შეასრულოს შუამავლის როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" 2021 წლის დეკემბერში გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0