ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა შემცირდა

© photo: Sputnik / Stringerაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.02.2024
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან ასეთმა დარღვევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უვიზო რეჟიმს.
თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც 2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართეს, 2022 წელთან შედარებით 14%-ით შემცირდა, ნათქვამია ევროკავშირის ლტოლვილთა სააგენტოს ანგარიშში.
2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადი საქართველოს 25.209-მა მოქალაქემ გააკეთა, მაშინ როცა 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 28.803-ს მიაღწია და ბოლო ათი წლის მანძილზე რეკორდული გახდა.
2023 წელს თავშესაფრის მაძიებელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ - 96%-მა - განაცხადზე უარი მიიღო. ასეთივე მაჩვენებელი იყო 2022 წელს.
თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეების ყველაზე მეტი განცხადება დაფიქსირდა გერმანიაში (36%), საფრანგეთსა (29%) და იტალიაში (12%).
2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღებაზე, ჯამში, 1,14 მლნ განცხადება შევიდა. უმეტესობა თავშესაფარს ითხოვდა საფრანგეთში, გერმანიასა და ესპანეთში, ლიდერებობენ - სირიის, ავღანეთისა და თურქეთის მოქალაქეები.
საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა გერმანიამ, ირლანდიამ, ლუქსემბურგმა, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, საფრანგეთმა, ბულგარეთმა, ავსტრიამ, ლიხტენშტეინმა და ისლანდიამ, შესაბამისად, ამ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შანსები დაბალია.
ქვეყანა უსაფრთხოდ ითვლება, თუ მის მოქალაქეებს არ ემუქრება დევნა რომელიმე რასის, რელიგიის, ეროვნების, სოციალური ჯგუფის კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან ასეთმა დარღვევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უვიზო რეჟიმს.
ქვეყანაში მიღებულია არაერთი ზომა სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად. კერძოდ, ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ. საქართველოს მოქალაქეების რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად ამ მოქალაქეებს ეკისრება.
გარდა ამისა, გამკაცრდა გვარის შეცვლის პროცედურა, დაწესდა სისხლის სამართლის სასჯელი არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0