მიანიჭა თუ არა პრიორიტეტი სტრასბურგის სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს

© AP Photo / Christian Lutzსტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2024
გამოწერა
სტრასბურგის სასამართლოს აქვს რეგლამენტში შესაბამისი წესი - როდესაც მიიჩნევს, რომ საქმე განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე პრიორიტეტულად უნდა იყოს განხილული, ამას წერილში უთითებს ხოლმე, ამ შემთხვევაში კი მსგავსი არ ყოფილა, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პრიორიტეტული უწოდა საქმეს „ხაზარაძე და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.
პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში მიიღო მათი სარჩელი წარმოებაში, რაც საქმის პრიორიტეტულობაზე მეტყველებს.
„სტრასბურგის სასამართლოს აქვს რეგლამენტში შესაბამისი წესი - როდესაც მიიჩნევს, რომ საქმე განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე პრიორიტეტულად უნდა იყოს განხილული, ამას წერილში უთითებს ხოლმე, 41-ე წესზე აკეთებს მითითებას და ნამდვილად, სწრაფად ხდება განხილვა. მაგრამ ამ საქმეში არაფერ ამგვარს ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ძამაშვილმა.
ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა და TBC Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მას შემდეგ შეიტანეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, რაც უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში მათი კასაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომელიც მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ ცნეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში, ხოლო წერეთელი – თანამონაწილეობაში. სამივეს 7–7 წლით პატიმრობა შეეფარდა. თუმცა ისინი, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს.
საქმის დეტალები
ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა. გამოძიების მთელი დროის განმავლობაში (სამი წელი) ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და მათ პოლიტიკური მოტივებით დევნიან.
საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში ავთანდილ წერეთლის მიერ დაფუძნებულმა შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16.664.000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.
ქართველ ბანკირს მხარი დაუჭირა ათობით ბანკირმა მთელი მსოფლიოდან>>>
2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.
მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.
კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.
ყველა ახალი ამბავი
0