საქართველოში სახელმწიფო კომპენსაციები და აკადემიური სტიპენდიები იზრდება

© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა
პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2024
გამოწერა
ცვლილებების თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი 560ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. 2024 წლის 1 მაისიდან სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწოფო აკადემიური სტიპენდიები იზრდება, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს დღეს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა დაუჭირა მხარი.
კანონპროექტის თანახმად, იზრდება ძალოვან სტრუქტურებში სხვადასხვა პოზიციაზე ნამსახურები მოქალაქეების, ყოფილი მოსამართლეების, პროკურორების, პარლამენტის წევრების, ასევე პარლამენტის აპარატის თანამშრომლების, ყოფილი დიპლომატების, სამოქალაქო ავიაციის ყოფილი მოსამსახურეების, ყოფილი გენერალური აუდიტორის, მისი მოადგილისა და სახელმწიფო სამსახურში მყოფი სხვა პირების კომპენსაცია.
რაც შეეხება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალურ ზღვარს, დღეს არსებული 560-ლარიანი ლიმიტი იზრდება და 1000 ლარით განისაზღვრება, ხოლო ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დადგენილი ყოველთვიური კომპენსაციის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად 1200 ლარი იქნება.
ძალოვანების პენსიები 1 მაისიდან გაიზრდება: დეტალები >>
კანონპროექტი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა
მისი განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი სამართლიანობის აღდგენისაკენ გადადგმული ნაბიჯია. როგორც დარახველიძემ განმარტა, მინიმალური განსხვავებაა სახელმწიფო სამსახურში მყოფი ადამიანების სახელმწიფო კომპენსაციასა და იმ ადამიანების პენსიას შორის, რომლებსაც, შესაძლოა, არასოდეს უმუშავიათ და სახელმწიფო პენსიას იღებენ.
გარდა ამისა, 2013 წლის შემდეგ პირველად იზრდება კოეფიციენტების ოდენობა. ეს სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კოეფიციენტია.
კერძოდ, ყველა წოდების მიხედვით განსაზღვრულია კონკრეტული კოეფიციენტი და ის მრავლდება ნამსახურებ წლებზე. გარდა ამისა, ემატება საბაზისო პენსია, რაც არსებობს, ამ შემთხვევაში უმცროსი სპეციალური წოდებისთვის. საუბარია რიგითიდან ზემდეგის ჩათვლით. თუ აქამდე მოქმედებდა 2-ლარიანი კომპენსაციის გაანგარიშების კოეფიციენტი, ამ შემთხვევაში ორლარიანი ზღვარი იზრდება 5 ლარამდე.
საშუალო სპეციალური წოდებისთვის – საუბარია უმცროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე, კოეფიციენტი ორმაგდება და იზრდება 10 ლარამდე, უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის – მაიორის და პოლკოვნიკის ჩათვლით, იყო ათი ლარი და იზრდება 15 ლარამდე.
უმაღლესი სპეციალური წოდებისთვის, საუბარია გენერალ-მაიორზე, გენერალ-პოლკოვნიკის ჩათვლით, თუ იყო 15-ლარიანი ზღვარი, იზრდება 25 ლარამდე. ასევე იზრდება სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთა კომპენსაციის ოდენობა, ანალოგიური შესაბამისი პრინციპის გათვალისწინებით.
რამდენი ადამიანი იღებს პენსიასა და სოციალურ დახმარებას საქართველოში — ახალი მონაცემები >>
ზედა ზღვარი იზრდება ყოფილი მოსამართლეებისთვის, ყოფილი პროკურორებისთვის, ყოფილი პარლამენტარებისთვის, ასევე პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, ყოფილი დიპლომატებისთვის, სამოქალაქო ავიაციის ყოფილი მოსამსახურეებისთვის, ასევე ყოფილი გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილისათვის.
ასევე მუდმივად პრობლემას წარმოადგენდა მეხანძრე-მაშველებისთვის იმ პერიოდის ჩათვლა საერთო ნამსახურობაში, როდესაც სამოქალაქო უსაფრთხოების ნაწილი, ანუ სამაშველო და სახანძრო სამსახურები შედიოდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში.
საუბარია დაახლოებით ათწლიან წყვეტაზე, 2005-2015 წლების პერიოდზე. ამ ადამიანებს ეს პერიოდი არ ეთვლებათ ნამსახურებაში, ხოლო მას შემდეგ, რაც გადმოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, მათი ნამსახურების ჩათვლა ხდება.
„აღნიშნული კანონპროექტი ასევე მიზნად ისახავს, ათწლიანი წყვეტა ჩავუთვალოთ როგორც ყოფილ მეხანძრე მაშველებს, ასევე მოქმედ თანამშრომლებს, რომლებიც დღესაც მუშაობენ. დანამატები გაეზრდებათ მათ, ვინც დღეს მუშაობენ ჩვენს სამსახურში, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც პენსიაში არიან გასული. შესაბამისად, ათწლიანი ნამატი ექნებათ კომპენსაციაზე“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ამასთან, დარახველიძის თქმით, კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რისთვისაც დამატებით გათვალისწინებულია 45 მილიონი ლარის ხარჯი.
ყველა ახალი ამბავი
0