უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2024
გამოწერა
2023 წლის მეოთხე კვარტალში შრომისუნარიანი, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილმა 54,3% შეადგინა.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონემ 15,3% შეადგინა, რაც მესამე კვარტალთან შეადრებით 0,3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ნათქვამია სტატისტის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
2023 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე საქართველოში 15,6% იყო, მეორე კვარტალში - 16,7%, პირველ კვარტალში - 18%, 2022 წლის მეოთხე კვარტალში - 16,1%.
უმუშევრობა ციფრებში
უმუშევრობის დონემ 2023 წლის მეოთხე კვარტალში 15,3% შეადგინა, რაც 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0,7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 0,9 ათასი ადამიანით, ანუ 0,4%-ით შემცირდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 248,6 ათასი ადამიანი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, უმუშევრობის დონე სოფლად გაცილებით დაბალია, ვიდრე ქალაქებში. 2023 წლის მეოთხე კვარტალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქალაქებში უმუშევრობის დონე 0,2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლებში 1,6%-ით და შესაბამისად, 16,2 და 14% შეადგინა.
როგორც განვითარებულ ქვეყნებში - მთავრობის გეგმები უმუშევრობასთან დაკავშირებით>>>
ტრადიციულად უმუშევრობა მამაკაცებში უფრო მეტია, ვიდრე ქალებში. 2023 წლის მეოთხე კვარტალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მამაკაცებს შორის 0,1 პროცენტული პუნქტით შემცირდა 16,8%-მდე, ქალებს შორის კი 0,3 პროცენტული პუნქტით 13,5%-მდე.
მოსახლეობის აქტივობა
„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში შრომისუნარიანმა, ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 2023 წლის მეოთხე კვარტალში 54,3% შეადგინა - 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,7 პროცენტული პუნქტით მეტი.
ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.
„2023 წლის მეოთხე კვარტალში ქალაქის დასახლებებში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, სოფლის დასახლებებში კი 1,2 პროცენტული პუნქტით. მთელ ქვეყანაში დასაქმების დონე 1,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 46% შეადგინა“, - ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 2,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69,8% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 74,3 ათასი ადამიანით (8,4%) და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 958,4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 6,6 ათასით შემცირდა (1,6%) და 413,8 ათასი შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია მამაკაცებში. 2023 წლის მეოთხე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44,3 პროცენტს, ხოლო მამაკაცებში 65,9%-ს შეადგენდა. ამასთან, ქალების აქტივობის დონე 1,6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, მამაკაცებში კი 1,9 პროცენტული პუნქტით.
ყველა ახალი ამბავი
0