დეკანოზი გიორგი მამალაძე: საპყრობილე არანაირი შეთანხმების საფუძველზე არ დამიტოვებია

© photo: Sputnik / Stringerპენიტენციური დაწესებულება
პენიტენციური დაწესებულება - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2024
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ მას პენიტენციური დაწესებულება არანაირი შეთანხმების საფუძველზე არ დაუტოვებია, აღნიშნულ წერილს სოციალურ ქსელში დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე აქვეყნებს.
გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. იმ დროს გერმანიაში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ იმყოფებოდა. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს, ხოლო ბინაში – კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
დეკანოზმა, რომელმაც კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში 7 წელი გაატარა, საპატიმრო 14 თებერვალს დატოვა.
„მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია. საბუთებში აღნიშნულია, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმცა, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მე უკვე ხუთი წელია ასეთი დაუძლურებული და პარალიზებული ვარ. ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა. ამის შემდეგ კი იქნება სიმართლის დამტკიცებისთვის ბრძოლა”, - ნათქვამია წერილში.
წერილში გიორგი მამალაძე ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას მხარდაჭერისთივს კიდევ ერთხელ უხდის მადლობას.
დეკანოზის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის გათავისუფლება ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა, რაც სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითვალისწინებს. დეკანოზის ოჯახმა ე.წ. უდოს კომისიას გასული წლის ნოემბერში მიმართა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე: ბრძოლა გრძელდება>>>
დეკანოზის პატიმრობიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე მედიამ გაავრცელა შორენა თეთრუაშვილის წერილი, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენელი თანახმა იყო, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიება შინაპატიმრობით შეცვლოდა.
მანამდე დეკანოზის ოჯახმა განაცხადა, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მას დამოუკიდებლად გადაადგილება უკვე 5 წელია აღარ შეუძლია.
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. იმ დროს გერმანიაში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ იმყოფებოდა. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს, ხოლო ბინაში – კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.
2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.
2021 წლის ივნისში დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო.
2022 წლის ნოემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დახურული სხდომის ჩატარებით დაირღვა მამალაძის სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასევე დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადო ყურადღება არ მიაქცია მამალაძის არგუმენტს სხდომების ნაწილობრივ დახურვის შესახებ.
გარდა ამისა, დეკანოზის დაკავების შემდეგ საჯარო პირების კონკრეტულმა განცხადებებმა, ისევე, როგორც პროკურატურის მიერ საქმის მასალების ნაწილის გამოქვეყნებამ დაარწმუნა საზოგადოება, რომ მამალაძე იყო დამნაშავე.
ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მამალაძის სარჩელის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა საქმის მტკიცებულებების ნაწილში მის სამართლიან სასამართლოზე უფლების დარღვევას. მამალაძე ამტკიცებდა, რომ ციანიდი მას „ჩაუდეს“.
სასამართლომ დაადგინა, რომ ბარგის ჩხრეკისა და ნივთმტკიცების ამოღების პროცედურა კანონიერი იყო და დეკანოზის არგუმენტი, რომ მას ციანიდი ჩაუდეს, უსაფუძვლოა.
მიუხედავად იმისა, რომ მამალაძე მორალური ზიანის ანაზღაურების სახით საქართველოს სახელმწიფოსგან 150 ათას ევროს და 376,3 ათას ლარს მოითხოვდა, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დეკანოზისთვის მხოლოდ იურიდიული ხარჯების ანაზღაურება – 9.418 ლარის გადახდა დააკისრა.
ყველა ახალი ამბავი
0