ბითაძე: სოციალურ ქსელებსა და მედიაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება

© photo: Sputnik / Stringerლეკვი
ლეკვი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2024
გამოწერა
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონის მიზანი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს, ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველისათვის უსაფრთხო საარსებო გარემოს შექმნაა.
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ახალი კანონპროექტით შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის შეყვანა ხელში აყვანით, ჩანთით, ან გადამყვანით ყველგან, გარდა იმ საზოგადოებრივი დაწესებულებებისა, რომლებიც თავად აკრძალავენ ცხოველის შეყვანას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.
საქართველოს პარლამენტში შევიდა ახალი კანონპროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, რომელიც არეგულირებს კატებისა და ძაღლების მოვლა-პატრონობის წესებს - შენახვა სახლის პირობებში, გასეირნება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაყვანა და ა.შ.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, სოციალური ქსელების და ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ კანონპროექტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება - თითქოს კანონპროექტით დაუშვებელია მიუსაფარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში, სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში, საავადმყოფოში, საბავშვო და სპორტულ მოედანზე, ასევე კვების ობიექტებში.
„ამბობენ, თითქოს ახალი კანონპროექტით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კატის ან დეკორატიული ჯიშის მცირე ზომის ძაღლის აყვანა შესაძლებელია მხოლოდ ერთდროულად ალიკაპისა და საბელის გამოყენებით, სინამდვილეში ეს შეზღუდვა მოქმედებს უკვე წლებია და სანქცია განსაზღვრულია 8 ლარის ოდენობით", - განაცხადა ბითაძემ.
ბითაძის განმარტებით, ახალი კანონპროექტით უფრო მოქნილად არის ჩამოყალიბებული მოქმედი აკრძალვა. სინამდვილეში, კანონპროექტით ეს შეზღუდვა არასდროს ყოფილა გათვალისწინებული.
„კერძოდ, შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის გადაყვანა ხელში აყვანით, ჩანთით, გადამყვანით ან საბელით (მეპატრონის სურვილის შესაბამისად), ხოლო დიდი ძაღლის შემთხვევაში აუცილებელი იქნება მოკლე საბელის გამოყენება“, - აღნიშნა ბითაძემ.
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონის მიზანი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს, ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველისათვის უსაფრთხო საარსებო გარემოს შექმნაა.
ინიციატივის მიხედვით, მეზობლების უმრავლესობის თანხმობის გარეშე ბინაში ორ თვეზე მეტი ასაკის სამზე მეტი კატისა და ძაღლის ყოლა აიკრძალება, დამრღვევი კი 300 ლარით დაჯარიმდება.
დეპუტატი: საქართველოში ცხოველთა ევთანაზიის წესები არ შეიცვლება>>>
აიკრძალება მაღაზიებში, აფთიაქებში, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებსა და საბავშვო მოედნებზე ძაღლების ან კატების შეყვანა. ცვლილებების მიხედვით, დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარს შეადგენს.
პარკებში, სკვერებსა თუ ბულვარებში ძაღლების გასეირნება საბელისა და ალიკაპის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. ჯარიმა გაორმაგდება ისეთი ძაღლების შემთხვევაში, რომლებიც მომეტებული რისკის ჯიშის კატეგორიას განეკუთვნებიან: პიტბული, მასტიფი, კანე კორსო, სტაფი, ბულტერიერი, ბულდოგი, კავკასიური ნაგაზი და სხვა, აღნიშნულია კანონპროექტში.
მეტროში, ისევე როგორც საქალაქო და საქალაქთაშორისო ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, შინაური ცხოველების გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ მოკლე საბელით და ალიკაპით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 150 ლარს შეადგენს, ან 300 ლარს, თუ ეს ძაღლი მომეტებული რისკის ჯგუფს წარმოადგენს.
კატების ან ძაღლების გამრავლების უფლება ექნება მხოლოდ საშენებს, ამისათვის მათ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის გაცემული ავტორიზაციის დოკუმენტი დასჭირდებათ. ცხოველების უკანონო გამრავლება 1000 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოიწვევს ფიზიკური პირის შემთხვევაში და 2000 ლარს - იურიდიული პირის შემთხვევაში.
აიკრძალება ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება, თუ ცხოველი არ არის რეგისტრირებული მონაცემთა ერთიან ბაზაში; თუ არის თვრამეტ თვემდე და რვა წლის ზემოთ ასაკი, არის მეტისი, აღენიშნება გენეტიკური დაავადება, გარეული ცხოველის შეჯვარება შინაურ ბინადარ ცხოველთან; ძუ ძაღლების გამრავლება წელიწადში ორჯერ ან მეტჯერ; ორი თვის ასაკამდე ლეკვის დედისგან მოშორება. ჯარიმა შეადგენს 500 ლარს ფიზიკური პირისთვის და 1000 ლარს - იურიდიულისთვის.
სავალდებულო გახდება შინაური ცხოველების რეგისტრაცია, ყოველწლიურად ვეტერინართან შემოწმებაზე ვიზიტი, აცრების ჩატარება და სათანადო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0