საქართველოს პირველი პირები ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ
16:20 17.02.2024 (განახლებულია: 16:27 17.02.2024)
© photo: Sputnik / Stringerსანთლები
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თბილისი, 17 თებერვალი— Sputnik. ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის ლევან თედიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქვეყნის პირველმა პირებმა მწუხარება გამოთქვეს.
ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ლევან თედიაშვილმა, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ფალავანმა, ორგზის ოლიმპიურმა და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა, შორს გაუთქვა სახელი სამშობლოს და წარუშლელი კვალი დატოვა სპორტულ სამყაროში.სამძიმარს ვუცხადებ ლევან თედიაშვილის ოჯახს, ახლობლებს, გულშემატკივრებს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას”, - დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელში.
ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმაც.
„ლევან თედიაშვილი მუდამ იქნება მომავალი თაობისთვის მისაბაძი პიროვნება. ვუსამძიმრებ სახელოვანი სპორტსმენის, ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეთა დიდების დარბაზის წევრის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ სამყაროსა და მთელს ქართულ საზოგადოებას“, - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის სამძიმრის წერილში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მწუხარება გამოთქვა სპორტსმენის გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ ლევან დავითაშვილმა წარუშლელი კვალი დატოვა ქართული სპორტის ისტორიაში.
„დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა, ლევან თედიაშვილმა დაგვტოვა. ბატონი ლევანი არა მხოლოდ ლეგენდარული სპორტსმენი იყო, რომელმაც ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების 10 ფინალი მოიგო, არამედ გამორჩეული პიროვნება გახლდათ, რომლის მიმართ თაობებს განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა გააჩნდათ”, -დაწერა პაპუაშვილმა.
ლევან თედიაშვილი იყო მოვლენა, არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო სპორტში. მან ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა, ასე გამოეხმაურა ცნობილი სპორტსმენის გარდაცვალებას თბილისის მერი კახა კალაძე.
„ნამდვილი ლეგენდა, თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი, სამგზის ევროპის ჩემპიონი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი გამოაკლდა ჩვენს რიგებს….მთელი გულით ვიზიარებ ლევან თედიაშვილის ოჯახის წევრების, ქართული სპორტული საზოგადოების, მთელი საქართველოს გულისტკივილს“, - წერს კახა კალაძე.
ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იგი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა – 82 და 90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული.
ლევან თედიაშვილი იყო თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი (1972, 1976), მსოფლიოს ოთხგზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973), მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებში იგი დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში თედიაშვილი მე-20 საუკუნის მესამე საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დასახელდა.
ლევან თედიაშვილის მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი. 2003 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) გადაწყვეტილებით, ლევან თედიაშვილი ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეთა დიდების დარბაზის წევრია.