ეკა ბესელია შეწყალების კომისიას უხელმძღვანელებს?
19:32 16.02.2024 (განახლებულია: 20:21 16.02.2024)
© Sputnik / STRINGERეკა ბესელია
გამოწერა
თავად ბესელიამ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, არ დაადასტურა.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების სახელმწიფო კომისიის აღდგენას და მის თავმჯდომარედ ოპოზიციური პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას დანიშვნას გეგმავს, იუწყება ქართული მედია.
2019 წელს ზურაბიშვილმა შეწყალების წესი შეცვალა, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულთა საქმეები, შეწყალების კომისიის ნაცვლად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისმა სამსახურმა უნდა განიხილოს.
თავად ბესელიამ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, არ დაადასტურა.
„შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის ფიქრი გონებაში არ გამჩენია და არც საუბარი მქონია. ეს თემა არასდროს განხილულა", - განაცხადა ბესელიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა და „ქართული ოცნება" სასამართლო რეფორმის სკანდალის ფონზე დატოვა. მისი ურთიერთობა თანაპარტიელებთან 2018 წლის დეკემბერში საბოლოოდ მას შემდეგ გაუარესდა, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია წარუდგინა.
სიაში იმ კანდიდატების სახელები იყო, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებლებად მიიჩნევიან. როგორც მაშინ ბესელიამ განაცხადა, იგი არასდროს დაუჭერს მხარს იმ მოსამართლეებს, რომლებიც იმ პოლიტიკურ გუნდს ემსახურებოდნენ, რომლის წინააღმდეგაც მრავალი წლის განმავლობაში, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე იბრძოდა.
მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სია გამოიწვია, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ მოსამართლეთა შერჩევის მკაფიო კრიტერიუმების შემუშავება გადაწყვიტა, ბესელიას დარწმუნება კეთილ ზრახვებში უკვე ვერავინ შეძლო. მან დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყო.
2019 წლის თებერვალში ბესელიამ დააინიცირა საქალაქო, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადო დანიშვნის პროცესის 2025 წლის ბოლომდე შეჩერება, ხოლო როცა კანონპროექტი ჩავარდა, მან მმართველი პარტია დატოვა. აღსანიშნავია, რომ ბესელია, „ქართული ოცნების“ შექმნის სათავეში იდგა და სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ავტორი იყო.
ბესელიას შემდეგ უმრავლესობისა და „ქართული ოცნების" რიგები დატოვეს გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა, გია ჟორჟოლიანმა, მირიან წიკლაურმა, კობა ნარჩემაშვილმა და ლევან კობერიძემ - შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა საკონსტიტუციო უმრავლესობა.
შეწყალება
შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა. გადაწყვეტილება მიიღება ადმინისტრაციის მიერ კონკრეტულ მსჯავრდებულთან დაკავშირებით მოთხოვნილი მონაცემების საფუძველზე.
შეწყალების შემდეგ მსჯავრდებულს ნასამართლეობა ეხსნება.
შეწყალება არ შეეხება პირს:
რომელსაც შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით 20 წელი;
რომელიც მსჯავრდებულია ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი;
რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
რომელიც მსჯავრდებულია არაუმეტეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მეოთხედი;
რომელიც იყო მსჯავრდებული წინათ და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და არა აქვს მოხდილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
რომლის მიმართ წინათ გამოყენებულ იქნა ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
რომელიც სასჯელს იხდის პირობითი მსჯავრდებისას სასამართლოს მიერ დანიშნული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
რომელიც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
რომლის საქმის განხილვა არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის საერთო სასამართლოში ან თუ არ არის გასული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა;
რომელიც არ ითხოვს შეწყალებას.