ღარიბაშვილი: პრეზიდენტმა ღალატი ჩაიდინა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2024
გამოწერა
ზურაბიშვილი არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს, დარწმუნებულია ღარიბაშვილი
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღალატი ჩაიდინა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავრობის თანხმობის გარეშე წასვლით და ასეთი საქციელი სამარცხვინოა პრეზიდენტისთვის, რომელიც ხელისუფლებაში მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბიშვილმა მიიღო ოფიციალური მიწვევა და აპირებს მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება. ამასთან, მთავრობაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის მიღებისთვის მათთვის არ მიუმართავს.
საქართველო იქნება წარმოდგენილი მაღალ დონეზე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის სახით.
„სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი ჩვენი პარტიის თითოეული წევრის თვალში. ჩვენი გადმოსახედიდან იგი არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. მან არაერთგზის უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და აგრძელებს დარღვევას. სირცხვილია ასეთი მოქცევა ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან და ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მიერ მოყვანილი პრეზიდენტისგან - ეს მინდა შევახსენო ქალბატონ სალომეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, 2018 წელს წინასარჩევნო კამპანიის დროს ზურაბიშვილის რეიტინგი 1% იყო და „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა იგი მოიყვანა პრეზიდენტად. ამის შემდეგ მან უღალატა როგორც გუნდის, ისე სახელმწიფო ინტერესებს.
„სხვა შეფასება არ მექნება სალომე ზურაბიშვილზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ზურაბიშვილს არაფერი გაუკეთებია, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო. მისი მიზანი იყო, რამენაირად წაეღო ის დიდი მონაპოვარი - სტატუსი, რომელიც მმართველმა პარტიამ მოიტანა ხალხისთვის და ხალხთან ერთად.
„მაგრამ აქაც განიცადა ფიასკო. თავად აირჩია ეს გზა. თავად აირჩია დამდგარიყო რადიკალური, ექსტრემისტული პოზიციის გვერდით და რა თქმა უნდა, მისი ხვედრიც შესაბამისი იქნება. ისიც ოპოზიციასთან ერთად იზეიმებს დიდ წაგებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პაპუაშვილი: ზურაბიშვილს საქართველო საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო ჰგონია>>
„ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციას“ შეუერთდა. მმართველი ძალის წარმომადგენლები ოპოზიციურ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც საქართველოსა და ხალხის ინტერესებისგან განსხვავებით ცდილობს არიოს ვითარება, მოაწყოს რევოლუცია და, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიოს.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა.
იმავე დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამიერიდან ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი კი არა, მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტია. ხელისუფლება ამ პარტიას და მის თანამოაზრეებს „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0