მას მხოლოდ საკუთარი ამბიციები აწუხებს - დეპუტატი პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2024
გამოწერა
მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კვლავ აპირებს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენების პროცესი უმნიშვნელო საკითხია და მას მხოლოდ საკუთარი ამბიციები აწუხებს, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბიშვილმა მიიღო ოფიციალური მიწვევა და აპირებს მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება. ამასთან, მთავრობაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის მიღებისთვის მათთვის არ მიუმართავს.
„ის ფაქტი, რომ ზურაბიშვილი არ ემორჩილება კონსტიტუციას და კვლავ აპირებს კონსტიტუციის დარღვევით მიუნხენში გამგზავრებას, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენების პროცესი უმნიშვნელო საკითხია. როდესაც ხართ ქვეყნის პრეზიდენტი, პირველ რიგში მოგეთხოვება კონსტიტუციის დაცვა. მისი საქციელი კი ადასტურებს, რომ მას მხოლოდ პირადი ამბიციები აწუხებს", - განაცხადა სეფაშვილმა.
პარლამენტის დეპუტატის თქმით, მმართველმა გუნდმა სალომე ზურაბიშვილს მაშინ გასცა პასუხი, როცა დაადგინა, რომ იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას.
„თავის დროზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით ხმები არ გვეყოფოდა, ჩვენ წამოვიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა, რაც იყო ერთგვარად მმართველი გუნდის პასუხი იმ საკითხზე, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა ჩვენ გამართლებულ საქციელად არ მიგვაჩნია. ყოველ ჯერზე კი იმპიჩმენტის პროცედურა, ჩემი აზრით, არ არის გამართლებული", - განაცხადა დეპუტატმა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, ტრადიციულად, თებერვალში იმართება. საერთაშორისო ღია სადისკუსიო ფორუმი ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიო ლიდერებს, პოლიტიკოსებს და ექსპერტებს, რათა განიხილონ საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური საკითხები.
მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს მთავრობას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
სუბარი: ეს იყო პარლამენტში არა პრეზიდენტის, არამედ უცხო ქვეყნის აგენტის გამოსვლა>>>
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა.
იმავე დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამიერიდან ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი კი არა, მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტია. ხელისუფლება ამ პარტიას და მის თანამოაზრეებს „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0