არაუმეტეს სამი ძაღლის ან კატის - საქართველოში კანონმდებლობა მკაცრდება

© AFP 2024 / Charly Triballeauშინაური ძაღლები - მოპსები
შინაური ძაღლები - მოპსები - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2024
გამოწერა
შემოღებულია შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის მკაცრი წესები და მკაცრდება სასჯელი მათ მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში შევიდა ახალი კანონპროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, რომელიც არეგულირებს კატებისა და ძაღლების მოვლა-პატრონობის წესებს - შენახვა სახლის პირობებში, გასეირნება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაყვანა და ა.შ.
ამომავალი ცვლილებების მიღება ასევე იგეგმება სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში.
კანონის მიზანია ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველისათვის უსაფრთხო საარსებო გარემოს შექმნა. ქუჩებში მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა ძალიან მწვავედ დგას საქართველოში.
ინიციატივის მიხედვით, მეზობლების უმრავლესობის თანხმობის გარეშე ბინაში ორ თვეზე მეტი ასაკის სამზე მეტი კატისა და ძაღლის ყოლა აიკრძალება, დამრღვევი კი 300 ლარით დაჯარიმდება.
აიკრძალება მაღაზიებში, აფთიაქებში, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებსა და საბავშვო მოედნებზე ძაღლების ან კატების შეყვანა. ცვლილებების მიხედვით, დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარს შეადგენს.
ქართულ ციხეებში პატიმრებს შესაძლოა შინაური ცხოველების ყოლის უფლება მისცენ>>
პარკებში, სკვერებსა თუ ბულვარებში ძაღლების გასეირნება საბელისა და ალიკაპის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. ჯარიმა გაორმაგდება ისეთი ძაღლების შემთხვევაში, რომლებიც მომეტებული რისკის ჯიშის კატეგორიას განეკუთვნებიან: პიტბული, მასტიფი, კანე კორსო, სტაფი, ბულტერიერი, ბულდოგი, კავკასიური ნაგაზი და სხვა, აღნიშნულია კანონპროექტში.
მეტროში, ისევე როგორც საქალაქო და საქალაქთაშორისო ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, შინაური ცხოველების გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ მოკლე საბელით და ალიკაპით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 150 ლარს შეადგენს, ან 300 ლარს, თუ ეს ძაღლი მომეტებული რისკის ჯგუფს წარმოადგენს.
კატების ან ძაღლების გამრავლების უფლება ექნება მხოლოდ საშენებს, ამისათვის მათ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის გაცემული ავტორიზაციის დოკუმენტი დასჭირდებათ. ცხოველების უკანონო გამრავლება 1000 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოიწვევს ფიზიკური პირის შემთხვევაში და 2000 ლარს - იურიდიული პირის შემთხვევაში.
აიკრძალება ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება, თუ ცხოველი არ არის რეგისტრირებული მონაცემთა ერთიან ბაზაში; თუ არის თვრამეტ თვემდე და რვა წლის ზემოთ ასაკი, არის მეტისი, აღენიშნება გენეტიკური დაავადება, გარეული ცხოველის შეჯვარება შინაურ ბინადარ ცხოველთან; ძუ ძაღლების გამრავლება წელიწადში ორჯერ ან მეტჯერ; ორი თვის ასაკამდე ლეკვის დედისგან მოშორება. ჯარიმა შეადგენს 500 ლარს ფიზიკური პირისთვის და 1000 ლარს - იურიდიულისთვის.
თბილისში შინაური ცხოველების პატრონების საყურადღებოდ: სტერილიზაცია უფასო იქნება >>
მეტისების მფლობელებს დაევალებათ მათი შინაური ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარს შეადგენს.
სავალდებულო გახდება შინაური ცხოველების რეგისტრაცია, ყოველწლიურად ვეტერინართან შემოწმებაზე ვიზიტი, აცრების ჩატარება და სათანადო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარს შეადგენს.
საგრძნობლად მკაცრდება კანონმდებლობა ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის პრევენციის მიზნით. მაგალითად, დასჯადი ხდება ცხოველთა ორთაბრძოლის ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა.
სასჯელი ითვალისწინებს შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 12-დან 18 თვემდე.
ასევე მკაცრდება სასჯელი ცხოველის წამებისთვის, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია.
სისხლის სამართლის კოდექსში მოქმედი ნორმით, ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან ოთხ წლამდე ვადით.
ცვლილებებში განსაზღვრულია შინაპატიმრობის ვადა ორიდან სამ წლამდე, ხოლო პატიმრობის ვადა ორიდან ოთხ წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0