დეპუტატი: ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის ინტერესები მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული

© photo: Sputnik / Stringerმშვიდობის ხიდი
მშვიდობის ხიდი - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2024
გამოწერა
დეპუტატის თქმით, ამჟამად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხი
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება და ევროინტეგრაცია უნდა მოხდეს საქართველოს ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, ეს არის ხელისუფლების პრიორიტეტი, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, წელს პირველად მონაწილეობს ევროპარლამენტის კონფერენციაში. ღონისძიებაზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი დღეს სიტყვით გამოვა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.
„მთავარი საკითხი არის სოციალური საკითხები, თუ როგორც უყურებს ამას ევროკავშირი და როგორი შეიძლება იყოს ევროკავშირის პოლიტიკა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, როცა საქმე ეხება სოციალურ საკითხებს. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება და ევროკავშირში ინტეგრაცია მაქსიმალურად ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
დეპუტატის თქმით, ამჟამად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხი, ვინაიდან ევროკავშირი აერთიანებს საკმაოდ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს თემა, თუ როგორც შეიძლება იყოს მიღწეული ეს თანასწორობა და რა საკითხებით შეიძლება ვიმსჯელოთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე იმგვარად, რომ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული, რაც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნას და ეკონომიკის განვითარებას", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
ყველა ახალი ამბავი
0