რა მოცულობის ვალუტა შეიძინა და გაყიდა ეროვნულმა ბანკმა 2023 წელს: ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2024
გამოწერა
ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე ყველაზე მეტი ინტერვენცია სექტემბერსა და ოქტომბერში განახორციელა სავალუტო ბაზარზე უარყოფითი მოლოდინების გასანეიტრალებლად.
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. გასულ წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 1,47 მილიარდი დოლარი შეიძინა და 194,9 მილიონი დოლარი გაყიდა, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე განთავსებულ მასალებში.
2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 108 მილიონი დოლარით მეტია.
დოლარის შეძენამ პიკს მიაღწია აპრილში, როდესაც წმინდა შესყიდვებმა $322 მილიონი შეადგინა.
გაყიდვების კუთხით ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე ყველაზე მეტი ინტერვენცია სექტემბერსა და ოქტომბერში განახორციელა სავალუტო ბაზარზე უარყოფითი მოლოდინების გასანეიტრალებლად.
მთლიანობაში ეროვნულმა ბანკმა სექტემბერში 64,8 მილიონი, ოქტომბერში კი 84,9 მილიონი დოლარი გაყიდა.
„პოზიტიური მოლოდინები“ - ნათია თურნავა სსფ-ის პროგრამის განახლების შესახებ>>
20 სექტემბერს სამი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მრჩევლის მიერ თანამდებობის დატოვების გამო ეროვნული ბანკის ირგვლივ აგორებულმა სკანდალმა, რომელსაც საფუძვლად დაედო აშშ-ის სანქციების ქვეშ მოხვედრილი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილების გაუქმება, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. მოსახლეობა ლარის გაუფასურების და მთლიანად ქვეყნის საბანკო სისტემის ჩამოშლის შესაძლებლობამ შეაშფოთა. ოპოზიციის ნაწილმა დევალვაციის საშიშროებაზე დაიწყო საუბარი, როგორც ეს იყო 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ეროვნული ვალუტა კუპონი იყო.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0