ახალმა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში ცვლილებები დააანონსა

© photo: Sputnik / Stringerმთავრობის კანცელარია
მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2024
გამოწერა
ირაკლი კობახიძეს და მის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა.
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასა და მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული ცვლილებები დააანონსა.
საქართველოს პარლამენტმა 8 თებერვალს ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა გამოუცხადა. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.
„პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს. მას წარმატებები მინდა ვუსურვო. ქალბატონ თეა წულუკიანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, ასევე თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება", - განაცხადა კობახიძემ.
ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ლევან დავითაშვილსა და კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანს ვიცე-პრემიერების პოსტები ეკავათ. რაც შეეხება ჩიქოვანს, იგი ერთადერთი ახალი სახეა მთავრობის შემადგენლობაში. პარლამენტის, ექს-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა.
კობახიძის თქმით, ცვლილებები ასევე შეეხო მთავრობის ადმინისტრაციასაც.
„მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდება ბატონი მიხეილ ფეიქრიშვილი. თითოეულ თქვენგანს მინდა წარმატებები ვუსურვო“, - აღნიშნა პრემიერმა.
ჟურნალისტმა, პარლამენტის პრეს-სამსახურის ყოფილმა უფროსმა აღნიშნულ თანამდებობაზე ნინო გიორგობიანი შეცვალა.
საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
ვიცე-პრემიერი, კულტურისა და სპორტის მინისტრი - თეა წულუკიანი;
საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;
ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.
ყველა ახალი ამბავი
0