კობახიძე: სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2024
გამოწერა
გასულ კვირაში საქართველოში სტიქიური უბედურებით გამოწვეული რამდენიმე ტრაგედია მოხდა
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე 296 ოჯახია გადაყვანილი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია რათა დაზარალებულ ოჯახებზე შესაბამისი კომპენსაცია გაიცეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
გასულ კვირაში საქართველოში სტიქიური უბედურებით გამოწვეული რამდენიმე ტრაგედია მოხდა: 6 და 7 თებერვალს აჭარასა და იმერეთში მეწყერმა 11 ადამიანი იმსხვერპლა.
„შეფასდა ზარალი. მზადდება სათანადო დოკუმენტაცია იმისთვის, რომ გაიცეს კომპენსაციები შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი თანხები, რესურსები", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, გასული კვირა ქვეყნისთვის ძალზე მძიმე იყო - სტიქიამ და სოფელ ასურეთთან უბედურმა შემთხვევამ 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
7 თებერვალს ქარის შედეგად საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი გარდაიცვალა. სითბური აეროსტატი ფოთის ცენტრალური სტადიონიდან აფრინდა და ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით მიემართებოდა. ორი მფრინავი, რევაზ უთურგაური და კშიშტოფ ზაპარტი მსოფლიო რეკორდის დამყარებამდე საცდელ ფრენას ახორციელებდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშა ბიძინაშვილი.
პრემიერმა სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ შესაბამის უწყებებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დაახლოებით 400 საცხოვრებელი სახლი იყო დატბორილი, საიდანაც 300-ზე მეტ შემთხვევაში დასრულდა ამოტუმბვის სამუშაოები. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. ადგილზე გავეცანი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და მინდა, აღვნიშნო, რომ როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალიან ბევრი რამ გააკეთეს, იმოქმედეს ოპერატიულად", - განაცხადა კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებს ელექტრომომარაგება და ბუნებრივი აირის მიწოდება უმოკლეს დროში აღუდგა. ასევე ძალიან სწრაფად გაიწმინდა გზები და შესაბამის უბნებზე მოძრაობა აღდგა ტრანსპორტის მოძრაობა.
აქ სპეკულაციები მიუღებელია - მინისტრი სტიქიასთან დაკავშირებულ განცხადებებს გამოეხმაურა>>>
ექსპერტების შეფასებით, რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან.
კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.
მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-65°), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25 მეტრია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 ათას კუბომეტრს.
ყველა ახალი ამბავი
0