კორუფციასთან ბრძოლა-პრემიერმა ამბიციურ გეგმებზე ისაუბრა

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2024
გამოწერა
კორუფციასთან ბრძოლის კუთხით აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო პირველ ადგილზეა.
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს უნდა ჰქონდეს ამბიცია კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რაც აბსოლუტურად რეალისტური ამოცანაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს პარლამენტმა 8 თებერვალს ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა გამოუცხადა. ორშაბათს, 12 თებერვალს მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს. თუმცა, ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს და ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა", - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, მთავარია ყოველივე ამაზე აქტიური მუშაობა.
„ზოგადად, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი და დარწმუნებული ვარ, ერთად მივაღწევთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს. მთავარია ჩვენი მიზანდასახულობა, პრონციპულობა, თანმიმდევრული აქტიურობა, შრომისმოყვარეობა, რას არცერთ ჩვენგანს არ გვაკლია. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებას", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა.
2023 წელს World Justice Project-ის „კანონის უზენაესობის ინდექსის" ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის" თანახმად, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში მე-11, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მე-2 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ მრავალ სახელმწიფოს.
ყველა ახალი ამბავი
0