2023 წელს ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტი მეოთხედით შემცირდა

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2024
გამოწერა
გასულ წელს ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა გადამამუშავებელ და სამთო მრეწველობაში
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. 2023 წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე) 2022 წელთან შედარებით 24,4%-ით შემცირდა და 2,9 მილიარდი დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მასალებში.
მთლიანობაში, საქონლის ექსპორტი (რეექსპორტის ჩათვლით) 2022 წელთან შედარებით გაიზარდა 9,1%-ით და 6,1 მლრდ დოლარი შეადგინა. მთლიან ექსპორტში ადგილობრივი პროდუქციის წილი 45,8%-ს შეადგენს.
სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ყველაზე დიდი კლება გადამამუშავებელ და სამთო მრეწველობაში დაფიქსირდა. კერძოდ, ყველაზე მეტად ფეროშენადნობების ექსპორტი შემცირდა - 60%-ზე მეტით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების - 53,7%-ით, ხოლო აზოტოვანი სასუქების - 43,7%-ით.
2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ტოპ-5 საქონელი ადგილობრივ ექსპორტში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა/, %

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

474,2

-53,7

ღვინო

257,7

2,4

ფეროშენადნობები

180,7

-60,1

აზოტოვანი სასუქები

158,3

-43,7

მინერალური წყლები

131,5

18,0

2023 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73,1% შეადგინა. ამავდროულად, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი.
ქართული პროდუქციის ტოპ-5 უმსხვილესი იმპორტიორი 2023 წელს

ქვეყნები

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

რუსეთი

541,7

2,8

თურქეთი

343,8

-12,7

ჩინეთი

270,0

-61,1

ბულგარეთი

248,2

-40,9

სომხეთი

156,3

-14,2

უმსხვილესი იმპორტიორების ათეულში შედის: აზერბაიჯანი, აშშ, შვეიცარია, ესპანეთი და უკრაინა.
რატომ ეცემა მრეწველობა?
საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის დაცემისა და ფასების ზოგადი კლების ფონზე, ასევე ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მიერ შემოღებული ანტიდემპინგური გადასახადის პირობებში, საქართველოში ფეროშენადნობთა ქარხნების უმეტესობამ შეაჩერა ან შეამცირა წარმოება.
რა თანხას ჩადებს ხელისუფლება ქართული პროდუქციის საზღვარგარეთ რეკლამაში?>>>
ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ 2022 წლის ბოლოს ქართულ ფეროსილიკომანგანუმზე ანტიდემპინგური გადასახადი დააწესა. ქართველ მწარმოებლებს დემპინგური ფასებით ოპერირებაში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ, რომ ამით ევრაზიული კავშირის წევრი სახელმწიფოები ეკონომიკურ ზიანს იღებენ. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 25 იანვარს შევიდა.
ანტიდემპინგური გადასახადი ხუთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში. ქართულ ფეროსილიკომანგანუმზე გადასახადის ოდენობა საბაჟო ღირებულების 21,4–24,2 პროცენტით განისაზღვრა – იმის მიხედვით, ვინ იქნება მწარმოებელი.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში ფეროშენადნობები უკვე აღარ გადიოდა რუსეთში, რომელიც მანამდე გასაღების ერთ-ერთ ძირითად ბაზარს წარმოადგენდა. ამ გადასახადის ამოქმედებამდე, გასული წლის 25 იანვრამდე რუსეთის ბაზარზე 45,3 მლნ დოლარის ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა.
ამასთან, გასული წლის თებერვალში ფეროშენადნობების ექსპორტმა მხოლოდ 20,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის თებერვალთან შედარებით 3,3-ჯერ ნაკლებია. მაშინ საქართველოდან 69,05 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0