დღეს პარლამენტი ახალი მთავრობის დამტკიცებას უყრის კენჭს

© Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2024
გამოწერა
პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნდობის მისაღებად მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გავა, სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განაცხადა. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძე წარადგინა.
გუშინ, პრემიერობის კანდიდატმა სამთავრობო პროგრამა ოპოზიციის წარმომადგენლებს გააცნო. რამდენიმესაათიანმა სხდომამ კონსტრუქციულად ჩაიარა. განახლებული მთავრობის შემადგენლობის მხარდაჭერას, სადაც, პრემიერის გარდა, მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იცვლება, ოპოზიცია არ აპირებს.
პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით განიხილავს და უყრის კენჭს. ნდობის გამოცხადების პროცედურა ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის მიერ სამთავრობო პროგრამის წარდგენას და დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემას, რის შემდეგაც პარლამენტის დეპუტატებს ეძლევათ საშუალება, ტრიბუნიდან შეაფასონ კანდიდატი და მის მიერ წარმოდგენილი მთავრობა.
დებატების დასასრულს კენჭი ეყრება ნდობის გამოცხადების საკითხს. ის მიღებულად ჩაითვლება, თუ მას პარლამენტის 76 წევრი მაინც დაუჭერს მხარს. მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძე წარადგინა, საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალასთან“ ერთად, პარლამენტში 84 ადგილი აქვს.
მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხო - ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
მთავრობა პარლამენტს შემდეგი შემადგენლობით წარედგინა:
პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი
თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;
იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;
კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;
ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.
ოფიციალურად, კობახიძე პრემიერ-მინისტრი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც მის დანიშვნას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოაწერს ხელს. თუ ზურაბიშვილი კენჭისყრიდან ორ დღეში უარს იტყვის პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე, ის ავტომატურად ჩაითვლება მთავრობის მეთაურად.
მინისტრობის კანდიდატები თავის თანამდებობებს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან ორ დღეში დაიკავებენ.
ყველა ახალი ამბავი
0