ანაკლიის პორტის მშენებლობაზე განაცხადების წარმოდგენა მაისში დასრულდება

© photo: Sputnik / Stringerანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2024
გამოწერა
ეკონომიკის სამინისტრომ თითოეულ კომპანიასთან უკვე გამართა შეხვედრები და 100-ზე მეტ კითხვაზე უპასუხა, განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში მონაწილეობაზე კერძო ინვესტორების წინადადებების წარმოდგენა 20 მაისისთვის დასრულდება, გამარჯვებული კომპანია წლის ბოლომდე გაირკვევა, განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა.
2023 წლის თებერვალში კერძო პარტნიორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, და უკვე ივნისში განაცხადები შეიტანა ოთხმა კომპანიამ. მომდევნო ეტაპზე გადავიდა ორი კომპანია, რომლებიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა - შვეიცარიულ-ლუქსენბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. მოგვიანებით ვადამ 2024 წლის თებერვლამდე გადაიწია.
„დღეს ფინალურ ეტაპზე გვყავს ორი პრეტენდენტი, რომლებმაც იქიდან გამომდინარე რომ ეს ძალიან კომპლექსური პროექტია, 3 თვით ვადის გახანგრძლივება მოითხოვეს, რომ დაზუსტებული წინადადებები წარმოადგინონ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს თითოეულ კომპანიასთან ჰქონდა შეხვედრები, თითოეულმა 100-ზე მეტი დამაზუსტებელი კითხვა წარმოადგინა და სამინისტრომ ამ კითხვებზე პასუხი გასცა.
„საბოლოოდ, 20 მაისისთვის წინადადებების წარმოდგენა უნდა დასრულდეს და შემდეგ გაწერილი გეგმის მიხედვით უნდა შევარჩიოთ, თუმცა ყველა შემთხვევაში კერძო პარტნიორი მიმდინარე წელს იქნება შერჩეული.ასევე მიმდინარე წელს დავიწყებთ საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოებს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის - დავითაშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობაზე>>
მთავრობის ინფორმაციით, 2024 წელს გამოვლინდება კერძო პარტნიორი, რომელთანაც გაფორმდება კონცესიის ხელშეკრულება.
კონცესია არის პრივატიზაციის მეთოდი, რომლის დროსაც კერძო ინვესტორი, ფიქსირებული საზღაურისა ან მოგებიდან გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების გამოყენების უფლებას მოიპოვებს. კონცესიით მიღებული შემოსავლის დარჩენილი ნაწილი კერძო ინვესტორის განკარგულებაშია.
პორტის მშენებლობაზე 70 მლნ ლარი გამოიყოფა. 2024 წელს 50 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო 20 მილიონი 2023 წელს გამოიყო.
ყველაფერი ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის განახლების შესახებ განაცხადა, 2023 წლის მარტში შეიქმნა სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური".
ახალი კომპანია ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს და მთავრობის თავდაპირველი გათვლით, 2023 წლის შემოდგომაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.
„საზღვაო ნავსადგურის" კაპიტალი 3 მლნ ლარს შეადგენს. ის ეკუთვნის სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას". დირექტორია ზურაბ სიჭინავა.
რამდენს დახარჯავს სახელმწიფო ანაკლიის პორტზე 2024 წელს>>>
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0