გაგრძელდება თუ არა სკოლებში ჰაგიოგრაფიის სწავლება? ამილახვარის განმარტება

© Ministry of Education and Science of Georgiaგიორგი ამილახვარი
გიორგი ამილახვარი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2024
გამოწერა
არ ვფიქრობთ, რომ ჰაგიოგრაფია რაიმე ფორმით უნდა იყოს ამოღებული სწავლებიდან, განაცხადა განათლების მინისტრობის კანდიდატმა
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ ჰაგიოგრაფია, რომელიც ლიტერატურის შესწავლის განუყოფელი ნაწილია, მიაჩნია განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატ გიორგი ამილახვარს.
თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ამილახვარის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკთხებში გია მურღულიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სკოლებში, შესაძლოა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების მასშტაბი შემცირდეს და მის ნაცვლად, თანამედროვე ლიტერატურის სწავლება დაიწყოს. აღნიშნულ განცხადებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
ჰაგიოგრაფია ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელიც ქრისტიან წმინდანთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას აღწერს.
„ვფიქრობ, ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს“, - განაცხადა ამილახვარმა და დასძინა, რომ ექსპერტმა ინტერვიუში თავისი მოსაზრება გამოთქვა და შემდეგ მისი არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.
ამილახვარის თქმით, საგნების სწავლების სტანდარტების ჯგუფში მიმდინარეობს დისკუსია სწავლების მეთოდიკაზე, მაგრამ სამინისტრო არ ფიქრობს სასწავლო მასალისგან ჰაგიოგრაფიის ამოღებაზე.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა განმარტა, განათლების სამინისტროში ამჟამად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ყველა საგნის სტანდარტების განახლებას გულისხმობს.
„კარგია, რომ საზოგადოებაში ამ თემაზე დისკუსია გაიმართა და კარგია, რომ საზოგადოების აზრიც გავიგეთ. პირადად გიდასტურებთ პოზიციას, რომ არა! ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ჰაგიოგრაფია რაიმე ფორმით უნდა იყოს ამოღებული სწავლებიდან", - განაცხადა ამილახვარმა.
როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ყველა საგანმანათლებლო სტანდარტი განახლდება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
როგორც პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლება სასკოლო განათლების ახალ მოდელზე მუშაობის დაწყებას აპირებს. მთავარი სიახლე იქნება ზოგადი განათლებიდან უმაღლეს განათლებაზე გადასვლა. გარდა ამისა, დაიწყება სკოლების სწავლების ხარისხის შემოწმება.
ყველა ახალი ამბავი
0