საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი რეზერვის გაძლიერებაზე იმუშავებს

© photo: Sputnik / David Khizanishvili / გადასვლა მედიაბანკშიქართველი ჯარისკაცები აღლუმზე
ქართველი ჯარისკაცები აღლუმზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2024
გამოწერა
მთავარი მიზანია ახალგაზრდებისთვის წვევამდელთა თუ სარეზერვო სამსახური გახდეს უფრო ნაყოფიერი, განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. მოტივირებული, ეფექტური რეზერვის გაძლიერება თავდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტული იქნება, განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოში 2023 წლიდან დაიწყო თავდაცვის ძალების მასშტაბური რეფორმა და დამტკიცდა თავდაცვის ახალი კოდექსი, რომელიც ჯარსა და რეზერვში სავალდებულო სამსახურის გავლის პრინციპის შეცვლას გულისხმობს.
„გარდავქმენით და თანამედროვე მოთხოვნებს მოვარგეთ წვევამდელთა ეროვნული სამსახური. შევქმენით ეფექტური რეზერვის წინაპირობა და გავაძლიერეთ ჩვენი სამხედროების სოციალური გარანტიები“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი მიზანია ახალგაზრდებისთვის წვევამდელთა თუ სარეზერვო სამსახური გახდეს უფრო ნაყოფიერი, მიეცეთ მათ ისეთი გამოცდილებისა და უნარის შეძენის შესაძლებლობა, რაც შემდგომში სამოქალაქო ცხოვრებაშიც გამოადგებათ.
„ეს უზრუნველყოფს უფრო მიმზიდველ სისტემას და საზოგადოების უფრო ფართო ჩართულობას ქვეყნის თავდაცვის საქმეში“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მთავარი სიახლეები თავდაცვის ძალებში
2025 წლიდან გაწვევა განხორციელდება მხოლოდ სამხედრო სამსახურში, რომელსაც ერქმევა „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური". გაწვევა განხორციელდება წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
წვევამდელთა სამსახური იქნება ანაზღაურებადი, ასევე იქნება გათვალისწინებული შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად აირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:
სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში – ექვსი თვე:
სამსახური დაცვისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში – რვა თვე;
სამსახური უმცროსი სამეთაურო წოდების მისაღებად და გარკვეული სპეციალობის დაუფლებისთვის – 11 თვე.
ახალი კოდექსის მიხედვით, ყველა კონფესიის მღვდელმსახურები გაივლიან ალტერნატიულ სამსახურს, ხოლო სტუდენტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ მათთვის შესაფერისი ვარიანტი – ჯარში სამსახური წელიწადში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში, ან სწავლის პერიოდში ინტენსიური კურსი ოფიცრის წოდების მისაღებად.
თავად სამხედრო სამსახური მოიცავს რეგულარულ და სარეზერვო სამსახურს. რეგულარულ სამხედრო სამსახურში პროფესიული და ვადიანი სამსახური იქნება, ხოლო სარეზერვო სამსახური გულისხმობს აქტიურ სარეზერვო სამსახურს და სამობილიზაციო რეზერვს.
ამასთან, აქტიური სარეზერვო სამსახური დაიყოფა ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურად და სპეციალისტთა რეზერვად, ხოლო სამობილიზაციო რეზერვი შედგება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვისა და საერთო სამობილიზაციო რეზერვისგან.
აგრეთვე იცვლება სამხედრო მოსამსახურეთათვის წოდებების მინიჭების სისტემაც. ამასთან ქართულ ჯარში რიგითებისთვის სამსახურის მაქსიმალური ასაკი 50-დან 45 წლამდე შემცირდება, მაგრამ სერჟანტებისთვის ჯარში სამსახურის მაქსიმალური ასაკი 50-დან 55 წლამდე გაიზრდება. ასეთივე იქნება სამხედრო ექიმების მაქსიმალური ასაკი.
ყველა ახალი ამბავი
0