პარლამენტში მინისტრობის კიდევ ოთხ კანდიდატს მოუსმენენ

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2024
გამოწერა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის, მისი მთავრობისა და პროგრამისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე 8 თებერვალს დადგება.
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის ოთხ კანდიდატს მოუსმენს.
უფრო კონკრეტულად, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.
საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვა პარლამენტში 5 თებერვალს დაიწყო, 8 თებერვალს კი პროცესი გაწერილი გრაფიკის თანახმად, უკვე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.
საკომიტეტო მოსმენები ჩანიშნულია 7 თებერვალსაც. ოთხშაბათს მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივად მოუსმენენ, 8 თებერვალს კი - ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“.
8 თებერვალს ჩანიშნულია პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების საფუძველზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის, მისი მთავრობისა და პროგრამისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათს, 8 თებერვალს დადგება.
კობახიძის სამთავრობო პროგრამა ზუსტად იმეორებს გახარიას პროგრამას - ანა ბუჩუკური>>>
მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხო - ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოსთვის“, „გირჩი“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მის სამთავრობო პროგრამას კენჭს არ უყრიან. თუმცა, აპირებენ მონაწილეობის მიღებას როგორც საკომიტეტო მოსმენებში, ასევე პლენარულ სხდომაზე.
ნდობის გამოცხადებისთვის საჭიროა დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა, რაც მინიმუმ 76 ხმას შეადგენს. ამჟამად უმრავლესობას 84 დეპუტატი ჰყავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის პოსტზე კობახიძის კანდიდატურა პარლამენტს პარასკევს, 2 თებერვალს, მთავრობის ახალ პროგრამასთან ერთად წარედგინა.
უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა 29 იანვარს დატოვა, რათა მეტი დრო გაატაროს ოჯახთან და გზა დაუთმოს პარტიის სხვა ლიდერებს. ღარიბაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნა.
ყველა ახალი ამბავი
0