საჭიროა კანონმდებლობის გამკაცრება - კობახიძე წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებულ სკანდალზე

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2024
გამოწერა
კანონი უნდა იყოს სამართლიანი და პასუხისმგებლობა - ზომიერი, აღნიშნა კობახიძემ
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საჭიროა კანონმდებლობის გამკაცრება, რათა მომავალში არავის რელიგიური გრძნობები არ იყოს შეურაცხყოფილი, განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ.
2024 წლის 9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ფრაგმენტზეც საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინი იყო გამოსახული, საღებავი შეასხა. 2 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 5 დღით პატიმრობა შეუფარდა. ფერაძე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საკუთარ სახლში დააპატიმრეს.
რომელმაც 9 იანვარს წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული, საღებავი შეასხა, ხუთი დღით პატიმრობა შეუფარდა.
„დაწყებულია მუშაობა კანონპროექტზე, რომლის საფუძველზეც უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი რეაგირება ისეთ შემთხვევებში, როცა საქმე ეხება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, ტაძრების შეურაცხყოფას და ა.შ. ვფიქრობ, საჭიროა კანონმდებლობის უფრო მკაცრად მოწესრიგება, რათა არავის რელიგიური გრძნობები არ იყოს მომავალში შეურაცხყოფილი“, - აღნიშნა კობახიძემ.
სამების ტაძარში ხატთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შემდეგ მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ მუშაობა დაიწყეს ახალ ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას რელიგიური ნაგებობებისა და რელიგიური ატრიბუტიკის შეურაცხყოფისთვის
დეპუტატები ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე სწავლობენ საერთაშორისო და ევროპულ საკანონმდებლო პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრინციპებს.
ხატთან დაკავშირებული სკანდალი
შეიძლებოდა თუ არა ხატზე სტალინის გამოსახვა და მით უმეტეს, ასეთი ხატის ქართულ ეკლესიაში გამოფენა - 6 იანვრის შემდეგ საქართველოში ეს თემა ყველაზე მეტად განიხილება. ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსებმა ერთხმად დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს ადასტურებს ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს პრორუსულ განწყობებს, მორწმუნეებმა კი კრიტიკოსები ეკლესიაზე მორიგ თავდასხმაში დაადანაშაულეს.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მიერ 6 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო და პოსტი იმის შესახებ, რომ სტალინი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ნგრევის ინიციატორი და ათასობით სასულიერო პირის მკვლელი, ასობით ადამიანმა გაავრცელა. სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი აივსო ამ საკითხთან დაკავშირებული კომენტარებით.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს საკითხი საშობაოდ წამოიჭრა და პირველად არ ხდება, როდესაც დღესასწაულის სკანდალით გადაფარვა სურთ.
კანონი რელიგიური გრძნობების შელახვის შესახებ მკაცრი უნდა იყოს – დეპუტატი>>>
წმინდა მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ნაწილში სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.
სამშაბათს, 9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც წმინდა მატრონას ხატს ლურჯი საღებავები აქვს მისხმული. ზოგმა მადლობა გადაუხადა მას გაბედული საქციელისთვის, ზოგმა კი დაგმო და დაემუქრა კიდეც. ფერაძემ ვანდალიზმის ფაქტი პირდაპირ არ დაადასტურა, მხოლოდ სოციალურ ქსელში უკმაყოფილო ხალხს მიმართა, რომ შემდეგ ჯერზე საღებავების ფერთა პალიტრას მათთან შეათანხმებდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში ხატის შეურაცხყოფის ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციამ ფერაძე საკუთარ სახლში გამოკითხა. დეტალები არ გავრცელებულა.
ამათან, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხშაბათს და ხუთშაბათს შეეზღუდა მედიის წარმომადგენლების შესვლა სამებაში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე. გადაწყვეტილება ტაძარში შემდგომი გაუგებრობისა და დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს, განმარტეს საპატრიარქოში.
ამასობაში ხატის ირგვლივ ატეხილი სკანდალი სულ უფრო მძაფრდებოდა. ოთხშაბათს, 10 იანვარს, ულტრამემარჯვენე, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ფერაძის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან ყველა იმ პირის მკაცრ დასჯას ითხოვდნენ, ვინც ხატების შეურაცხყოფას გაბედავდა. უფრო მეტიც, მათ შემდეგი აქცია შაბათს დააანონსეს.
პირველი განცხადება 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა. საპატრიარქოს განმარტებით, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწალებელნიც კი. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრის შესახებ, აუცილებელია ზემოაღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონებთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება. საპატრიარქომ მოუწოდა მათ, ვინც ხატი აჩუქა, ცვლილებები თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
ამის საპასუხოდ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატს სწორედ საკათედრო ტაძარში გადაწერენ. ამავდროულად, მას გაუჭირდა იმის დასახელება, თუ როდის იქნება ხატი ხატწერის კანონების შესაბამისი.
ყველა ახალი ამბავი
0