რა წერია სამთავრობო პროგრამაში: ახალი დოკუმენტის შინაარსი უკვე ცნობილია
© photo: Sputnik / Stringer
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. თავისუფალი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა დემოკრატიული ღირებულებების სისტემას ეფუძნება, სადაც მთავარი მიზანი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაა, ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სამთავრობო პროგრამის მიზანია ეკონომიკის მეტად სტიმულირება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
პროგრამის თანახმად, ამ მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას შემდეგ საკვანძო სფეროებზე მიმართავს:
საგარეო პოლიტიკა, ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადობა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, უსაფრთხოებისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა; საზოგადოებრივი უსაფრთხოება — რაც საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას, დეოკუპაციას, საქართველოს რეგიონული და გლობალური როლის კიდევ უფრო განმტკიცებას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სტრატეგიული მზადყოფნის დონის ამაღლება, დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერებას, ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტით დაცვასა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას მოიაზრებს.
ეკონომიკური განვითარება — მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი ამოცანებია: მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება, საგარეო ვაჭრობის განვითარება და საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ტურიზმის განვითარება, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი ინვესტიციებისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა.
სოციალური პოლიტიკისა და ადამიანური კაპიტალის განვითარება — ამ მიმართულებით მთავრობის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე უნივერსალური წვდომის უზრუნველყოფა, ქვეყანაში სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება, დასაქმების ხელშეწყობა, ხარისხიანი განათლების სისტემის განვითარება, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მხარდაჭერა.
სახელმწიფო მმართველობა —ამ მიმართულებით მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და საჯარო სამსახურის სისტემის განვითარება, რამაც საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის დაჩქარება უნდა უზრუნველყოს.
სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ და ასევე მთავრობის ახალი შემადგენლობა ირაკლი კობახიძემ დღეს წარუდგინა პარლამენტს.
მთავრობის ახალი შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადება ჯერ პარლამენტის კომიტეტებზე, ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფის სხდომებზე, შემდეგ კი პლენარულ სესიაზე მოხდება.