ევროპაში წითელას შემთხვევები იზრდება - რამდენი შემთხვევაა დაფიქსირებული საქართველოში?

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2024
გამოწერა
ბავშვებს წითელაზე ორჯერ ცრიან – 1 წლის და 5 წლის ასაკში. სრულ იმუნიტეტს ბავშვი იღებს 5 წლის ასაკში ჩატარებული მეორე ვაქცინით.
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. საქართველოში 2023 წელს წითელას 26 შემთხვევა დაფიქსირდა, მიმდინარე წლის იანვარში კი - 16 შემთხვევა, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის ეთერში.
სპეციალისტის განცხადებით, წითელას 16 შემთხვევიდან 14 დედაქალაქში დაფიქსირდა და უმრავლესობა20-დან 40-მდე წლამდე პირია.
ჩხაიძის განმარტებით, ევროპაში წითელას შემთხვევები მომატებულია - წითელას მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება რუსეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანშიც.

„ევროპის 56-დან 40 ქვეყანაში დაფიქსირებულია წითელას შემთხვევების მკვეთრი მატება, საბედნიეროდ, საქართველო ჯერჯერობით ამ კატეგორიას არ განეკუთვნება. თუმცა, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში ამ კუთხით სერიოზული აფეთქებაა და წითელას შემთხვევები მკვეთრად მომატებულია“, - განაცხადა ჩხაიძემ.

როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, საქართველოში წითელას ვაქცინით აცრის მაჩვენებელი შემცირებულია.
„წითელას ვაქცინა ორჯერად კეთდება ერთი წლისა და ხუთი წლის ასაკში. სრულ იმუნიტეტს ბავშვი იღებს 5 წლის ასაკში ჩატარებული მეორე ვაქცინით. 2019 წელს 97%-ს ჰქონდა 5 წლის ასაკში გაკეთებული წითელას ვაქცინა. ახლანდელი ციფრები არის შემდეგი: 100% ჩამოვიდა 94%-მდე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მეორეა - 5 წლის ასაკში 97% ჩამოვიდა 88%-მდე. 88% ნიშნავს, რომ ქვეყანაში ათასობით ბავშვი აუცრელია, რაც შემთხვევების მატებას, რა თქმა უნდა, გამოიწვევს“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ჩხაიძემ საზოგადოებას მოუწოდა, დროულად აცრან ის ბავშვები, ვინც წითელაზე ჯერ არ აცრილან ან პანდემიის პერიოდში მშობლებმა ბავშვებისთვის წითელას საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა გამოტოვეს.
2018-2019 წლებში საქართველოში წითელას ეპიდემია მძვინვარებდა. 2019 წლის რამდენიმე თვეში საქართველოს 4 ათასამდე მოქალაქეს წითელა დაუდგინდა, მაშინ, როდესაც ნორმად წელიწადში 10 შემთხვევა მიიჩნევა. მაშინ ორი შემთხვევა სიკვდილით დასრულდა. ორივე იყო ბავშვი და არცერთი არ იყო აცრილი წითელაზე.
საქართველოში ყველაზე გავრცელებული ბავშვთა დაავადებები - ინფექციონისტის განმარტება>>>
წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბავშვებს ორჯერ უტარდებათ – ერთი წლის ასაკში და ხუთი წლის ასაკში. ბავშვი, რომელიც სკოლაში მიდის, წესით ორჯერ უნდა იყოს აცრილი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2000 წლიდან 2017 წლამდე წითელაზე ვაქცინაციის შედეგად წითელათი გამოწვეული გლობალური სიკვდილიანობა 80%-ით შემცირდა.
საქართველოში აცრების ეროვნულ კალენდარში შედის ტუბერკულოზის, В ჰეპატიტის, როტავირუსული ინფექციის, პნევმოკოკის, დიფტერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, В ტიპის ჰემოფილიური ინფექციის, პოლიომიელიტის, წითელას, წითურას, ყბაყურას ინექციები.
ბოლო წლებში ეროვნულ კალენდარში პაპილომა–ვირუსის საწინააღმდეგო აცრა დაემატა. მას უკეთებენ 10-12 წლის გოგონებს. ის საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკებს ამცირებს.
ყველა ახალი ამბავი
0