რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი - თანამშრომელთა ნაწილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

© photo: Sputnikრესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა
რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2024
გამოწერა
მთავრობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მედპერსონალი არ გამორიცხავს პროტესტის რადიკალურ ფორმებსაც, მათ შორის ქუჩის აქციებს, მიტინგს, შიმშილობას.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილმა სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში - ისინი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციასა და შენობის დემონტაჟის შესახებ მთავრობის განკარგულების შეჩერებას, ბათილად ცნობას ითხოვენ, იუწყება „პირველი არხი“.
22 იანვარს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) შენობის დემონტაჟის დაწყების შესახებ, რომლის ადგილას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი მულტიპროფილური საავადმყოფო გაჩნდება. თანამშრომლების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. მათი მთავარი მოთხოვნა შენობის დემონტაჟის შეჩერება და კლინიკაში გამოცხადებული რეორგანიზაციის გაუქმებაა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ შენობის გარემონტებას იმგვარად, რომ თანამშრომლების ნაწილმა საავადმყოფოში მუშაობა გააგრძელოს.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ მთავრობამ სრულიად უსაფუძვლო და სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ გვაქვს თანამშრომლების მიერ ხელმოწერილი საბუთი, რომელიც ერთვის სარჩელს. დაახლოებით 200 თანამშრომელი აწერს ხელს. ჩემი აზრით, პროცესი უკავშირდება ბიზნესინტერესს, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიასთან დაკავშირებით არსებობს. ეს გახდა საფუძველი უსაფუძვლო გადაწყვეტილების მიღების“, - განაცხადა ექიმმა მაია სულაქველიძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მედპერსონალი არ გამორიცხავს პროტესტის რადიკალურ ფორმებსაც, მათ შორის ქუჩის აქციებს, მიტინგს, შიმშილობას.
„ეს არის ჩვენი მკაფიო რეაქცია უსამართლო გადაწყვეტილებაზე, რაც მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს წინააღმდეგ მიიღო“, – განაცხადა სულაქველიძემ.
5 თებერვლამდე საავადმყოფოს თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროს წინადადება უნდა მიიღონ - დათანხმდნენ ფულად ანაზღაურებას, ან სხვა კლინიკაში მუშაობას.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა სასურველი კომპენსაციის პაკეტი აირჩია >>
საავადმყოფოს თანამშრომლებს სხვაგან მუშაობაზე უარის შემთხვევაში სთავაზობენ მთელი წლის კომპენსაციას, სხვა კლინიკაში მინიმუმ იმავე პოზიციაზე დასაქმებას და ოთხი თვის ფულად კომპენსაციას.
თუ საავადმყოფოს თანამშრომელს სურს დაელოდოს უკეთეს შეთავაზებას, მაშინ, მისი ბოლო სამი თვის საშუალო ხელფასიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის გადაუხადოს კომპენსაცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სანამ ის სადმე მუშაობას არ დაიწყებს. ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეუძლიათ გადავიდნენ არა მხოლოდ სხვა საჯარო კლინიკებში, არამედ კერძო საავადმყოფოებშიც.
რესპუბლიკური საავადმყოფო
რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის გადაკეთებას 36-48 თვეში გეგმავს. ადრე მედპერსონალის ნაწილმა დაგეგმილ მშენებლობა სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით გააპროტესტა.
ახალი საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვ. ამავდროულად, რესპუბლიკური საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს შეინარჩუნებს.
ფერაძე: რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა ძალიან ავარიულია>>>
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე - შეისწავლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსების, ისევე ინფრასტრუქტტურის თვალსაზრისით, რამდენად აკმაყოფილებს ის უსაფრთხოების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.
ექსპერტებმა ჩაატარეს ხუთი სხვადასხვა კვლევა და მოამზადეს შესაბამისი დასკვნები. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან შეკეთება შეუძლებელია და დემონტაჟს საჭიროებს.
სამშაბათს, 23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ძლიერი ქარის შედეგად რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაზიანდა, რის გამოც შრომის ინსპექციამ სამედიცინო დაწესებულების სახიფათო ზონები დახურა და ტერიტორიის ირგვლივ მოძრაობა შეზღუდა.
რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც შეიქმნა ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის.
ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რეგიონური ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.
ყველა ახალი ამბავი
0