ღარიბაშვილის საქმიანობა პრემიერის პოსტზე წარმატებული იყო - ვოლსკი

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2024
გამოწერა
„ქართული ოცნების" ლიდერები უკვე ღიად ადასტურებენ, რომ პრემიერის პოსტზე კობახიძის კანდიდატურა განიხილება.
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერიოზულ შედეგებს მიაღწია ყველა მიმართულებით, განაცხადა ქვეყნის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
ღარიბაშვილმა ორშაბათს გადადგომისა და „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ განაცხადა. მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გუნდში ბევრი წარმატებული ლიდერია და აუცილებელია შესაძლებლობები სხვებსაც ჰქონდეთ. ღარიბაშვილის თქმით, ახლა გუნდის წინაშე სხვა ამოცანები დგას - „ქართული ოცნება" ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვებისთვის უნდა მოემზადოს.
„ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა პრემიერ-მინისტრის პოსტზე იყო წარმატებული, ეს ეხება როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის თემებს. პრაქტიკულად მიმართულება არ არის დარჩენილი, სადაც საკმაოდ სერიოზული შედეგი არ არის დადებული", - განაცხადა ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების" ლიდერები უკვე ღიად ადასტურებენ, რომ მომავალი პრემიერის პოსტზე მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.
„რასაკვირველია, ირაკლი კობახიძეზეც უნდა ითქვას ის, რომ იგი არა თუ შორს არ არის მართვის გარკვეული მიმართულებების ასპექტებისგან, არამედ ჩართული იყო და ყველა საკითხი პრაქტიკულად პრემიერ-მინისტრსა და პარტიის ლიდერს შორის არის განხილული", - განაცხადა ვოლსკიმ.
ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობას, უკვე მეორე ვადით, 2021 წლის 22 თებერვლიდან იკავებდა. მანამდე კი, 2013 წელს იგი პრემიერის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრე გახდა, რომელთანაც პოლიტიკოსს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს. მაშინ ღარიბაშვილი გახდა საქართველოს ისტორიაში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური (31 წლის).
2015 წლის დეკემბერში ყველასთვის მოულოდნელად ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.
ღარიბაშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიტიკური არენიდან გაქრა, თუმცა 2019 წლის მარტში იგი მმართველ პარტიაში დაბრუნდა, რათა თანამებრძოლებს პარტიის კრიზისიდან გამოყვანაში დახმარებოდა. მისი მთავარი ამოცანა იყო „ქართული ოცნებაზე" გულაცრუებულ მომხრეთა ნდობის დაბრუნება.
პრემიერ–მინისტრის გადადგომის შემდეგ მთელი მთავრობა უნდა გადადგეს>>
ირაკლი ღარიბაშვილი 2012-2013 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ეკავა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის თანამდებობა (2013–2015), 2019-2021 წლებში კი ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
რაც შეეხება კობახიძეს, იგი 46 წლისაა. 2021 წლის იანვრიდან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეა. მანამდე კი მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივნის პოსტი ეკავა.
2016-2019 წლებში იგი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - აღნიშნული თანამდებობა თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სკანდალის შემდეგ დატოვა. 2020 წელს კობახიძე იყო მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსი.
მედია: მთავრობაში საკადრო ცვლილებები ექვს მინისტრს შეეხება>>
კობახიძე განათლებით იურისტია. „ქართულ ოცნებაში" მოსვლამდე მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროექტის მენეჯერად.
იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი, საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ოფისში ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მენეჯერი.
ყველა ახალი ამბავი
0