ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებლის მოქმედების ვადა უნდა გახანგრძლივდეს - ბიზნესი

© photo: Sputnik / Sergey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშიფქვილი
ფქვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2024
გამოწერა
ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებლის დაწესების შედეგად აღდგა თანაბარი კონკურენციის პირობები ფქვილის იმპორტსა და ხორბლის იმპორტს შორის
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებლის დაწესების შესახებ მთავრობის დადგენილების მოქმედების ვადა 2024 წლის 1 მარტამდეც უნდა გაგრძელდეს, ნათქვამია საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებაში.
ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 12 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი იბეგრებოდა 20 თეთრით ერთ კილოგრამზე. ოქტომბრის დასაწყისში დროებითი გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა და გადასახადის ოდენობა გაიზარდა 25%-ით, ანუ გადასახადი 1 კილოგრამ ფქვილზე 25 თეთრით განისაზღვრა.
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას მიაჩნია, რომ ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე თანაბარი კონკურენციის პირობების შესანარჩუნებლად , საპირწონე მექანიზმად საქართველოს მთავრობის მიერ კვლავ გამოყენებული იქნას „იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი საიმპორტო საფასური“, რომლის ოდენობაც პერიოდულად განისაზღვრულ იქნას ბაზარზე დაკვირვების მონიტორინგის შესაბამისად და ბაზრის შემდგომი პროგნოზირებადი და სტაბილური ფუნქციონირებისათვის მიზნით 2024 წლის 1 მარტის შემდგომაც გაგრძელდეს აღნიშნული მექანიზმის მოქმედების ვადა“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
დადგენილების ამოქმედებიდან საქართველოს წისქვილკომბინატებში ჩაბარებულია 50.000 ათას ტონაზე მეტი ქართული სასურსათო ხორბალი. დღეს საშუალოდ ყოველთვიურად ქვეყანაში შემოდის 20-დან 25 ათას ტონამდე ხორბალი. ამასთან გრძელდება ფქვილის იმპორტი, თვეში საშუალოდ 8-დან 12 ათას ტონამდე.
ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოს ბაზარი ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული გამოწვევებით ხასიათდებოდა. კერძოდ, ფქვილის და ხორბლის იმპორტის სხვადასხვა საგადასახადო რეჟიმმა, „ხორბალზე მცურავმა ბაჟმა“ ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისიდან მოყოლებული არათანაბარ პირობებში ჩააყენა საქართველოს წისქვილების მუშაობა ფქვილის იმპორტთან შედარებით.
„შედეგად 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ბაზარზე შეიქმნა რთული მდგომარეობა - წისქვილკომბინატების გაჩერების პარალელურად ფქვილის არაპროგნოზირებადი და აგრესიული იმპორტი განხორციელდა, გაჩნდა იმის საშიშროება, რომ ადგილობრივი წარმოების ფქვილი მთლიანად ჩანაცვლებულიყო იმპორტირებული ფქვილით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ქართველ ფერმერებს ხორბლის დაბალ ფასში გაყიდვა არ სურთ >>
შესაბამისად, ქართული ხორბლის მოსავლის რეალიზაცია სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ, წისქვილკომბინატების, ქართული ხორბლის მწარმოებლების და პურის მწარმოებლებთან კონსულტაციების შედეგად 2023 წლის 12 ივნისიდან -2024 წლის 1 მარტამდე ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებელი დაწესდა - რომლის მიზანი იყო, საქართველოს ბაზარზე ფქვილისა და ხორბლის თანაბარი საგადასახადო რეჟიმების აღდგენა, რითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა წისქვილკომბინატების ინდუსტრიის მუშაობის აღდგენა.
ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებლის დაწესების შედეგად აღდგა თანაბარი კონკურენციის პირობები ფქვილის იმპორტსა და ხორბლის იმპორტს შორის. შედეგად, წისქვილკომბინატებმა მუშაობა განაახლეს.
დადგენილებით განსაზღვრული ფქვილის საიმპორტო მოსაკრებლიდან (რომელიც ადრე არ არსებობდა) ბიუჯეტში დამატებით შევიდა 20 მილიონ ლარზე მეტი.
საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება: ქვეყანას ხორბლის ორთვიანი მარაგი აქვს >>
წისქვილკომბინატების მუშაობით ქვეყანა სრულად უზრუნველყოფილია უწყვეტი გარდამავალი სტრატეგიული მარაგებით ხორბლად (გაეროს რეკომენდაცია), რაც ქართული ხორბლის სეზონური მოსავალთან ერთად ნებისმიერ გაუთვალისწინებელ კრიტიკულ შემთხვევაში 100%-იანი სასურსათო უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. ცალკე აღებული ფქვილის იმპორტის შემთხვევაში მარაგების შექმნა სრულად ვერ ხერხდება.
რთული დრო
რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. შედეგად, ქართველი ფერმერები ვერ ახერხებდნენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას, რადგან ხორბლის მარაგები გადავსებული იყო.
ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად კი ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა შეწყვიტა მუშაობა.
წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.
მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება.
ყველა ახალი ამბავი
0