საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

© AP Photo / Olivier Matthysირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2024
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის მეთაურის თანამდებობა 2021 წლის თებერვლიდან ეკავა
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიიღო პოლიტსაბჭოს შეთავაზება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტის დაკავების თაობაზე.
„გუნდში ბევრი წარმატებული ლიდერია და სხვებსაც უნდა მივცეთ შესაძლებლობა. უფრო მეტიც, ახლა ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ - შემოდგომაზე ავირჩევთ ახალ პარლამენტს და „ქართული ოცნება" უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გააგრძელეთ პროგრესი სხვა, უმაღლესი მიზნებისკენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები შიდა დემოკრატიაზე მეტყველებს.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი შიდა დემოკრატიაა, რომლის ყველაზე თვალშისაცემი გამოვლინებაა როტაციის პრინციპი... არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ზაფხულამდე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, იგი პირნათლად ემსახურა საკუთარ ქვეყანას.
„მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში ერთად მივაღწიეთ... მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, ახლა შევძლებ მეტი დროის გატარებას ოჯახთან ერთად. ჩვენს სამშობლოს ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას და ერთიანობას. უფალმა დაგვიფაროს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობას, უკვე მეორე ვადით, 2021 წლის 22 თებერვლიდან იკავებდა. მანამდე კი, 2013 წელს იგი პრემიერის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრე გახდა, რომელთანაც პოლიტიკოსს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს. მაშინ ღარიბაშვილი გახდა საქართველოს ისტორიაში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური (31 წლის).
2015 წლის დეკემბერში ყველასთვის მოულოდნელად ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.
ღარიბაშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიტიკური არენიდან გაქრა, თუმცა 2019 წლის მარტში იგი მმართველ პარტიაში დაბრუნდა, რათა თანამებრძოლებს პარტიის კრიზისიდან გამოყვანაში დახმარებოდა. მისი მთავარი ამოცანა იყო „ქართული ოცნებაზე“ გულაცრუებულ მომხრეთა ნდობის დაბრუნება.
ირაკლი ღარიბაშვილი 2012-2013 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ეკავა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის თანამდებობა (2013–2015), 2019-2021 წლებში კი ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
ყველა ახალი ამბავი
0