რა როლს შეასრულებს ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში? „ქართული ოცნების" ლიდერის განმარტება

© party "Georgian Dream"ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2024
გამოწერა
„ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის მხრიდან უპრეცედენტო მაღალი მხარდაჭერა აქვს, აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. პოლიტიკაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩართულობას შეუძლია დადებითი პროცესების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის, განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ყრილობამ 2023 წლის 30 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რაც მილიარდერის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ნიშნავს წასვლიდან სამი წლის შემდეგ.
„ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩართულობას პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნისთვის შეუძლია ძალიან ბევრი კუთხით დადებითი პროცესების მოტანა. შესაბამისად ოპოზიციას პანიკის საფუძველი ნამდვილად აქვს, - განაცხადა კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
მისი თქმით, შედეგი იქნება ერთი - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კიდევ უფრო დასუსტება და „ქართული ოცნების“ კიდევ უფრო გაძლიერება.
„წარსული გამოცდილება და ყველა სხვა ფაქტორიც ამაზე მეტყველებს", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" უწოდებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის თანამოაზრეებს, მათ შორის არიან პარტიები „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლეიბორისტული პარტია", „ევროპული საქართველო".
რაც შეეხება არჩევნებში გამარჯვებას, კობახიძის თქმით, მოვლენების სტანდარტულად გაგრძელების შემთხვევაშიც კი მმართველ პარტიას არავითარი პრობლემა და რისკი არ ჰქონდა გამომდინარე იმ რეიტინგიდან, რაც „ქართულ ოცნებას" აქვს.
„უშუალოდ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ 59% დაფიქსირდა. უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა გვაქვს, 2012 წლის შემდეგ ასეთი მაღალი მხარდაჭერა არ გვქონია", განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიის თავდასხმა ივანიშვილზე - ფონდი „ქართუს" განცხადება>>>
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ რეიტინგი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველომ 14 დეკემბერს ევროკავშირის კანდიდატი-ქვეყნის სტატუსი მიიღო. ამას წინ უძღოდა ხელისუფლების ოპონენტების მრავალთვიანი მტკიცება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი შეაქცია დასავლეთს და მხოლოდ ევროკავშირის პირობებს ასრულებდა.
რაც შეეხება ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“ და იზრდება კორუფციის რისკები.
ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას“ მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.
ყველა ახალი ამბავი
0