პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიის თავდასხმა ივანიშვილზე - ფონდი „ქართუს" განცხადება

© party "Georgian Dream"ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2024
გამოწერა
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. რამდენიმე ქართულმა ტელეკომპანიამ, რომელთა ზურგს უკან მარტივად შეიძლება კონკრეტული პოლიტიკური ძალების იდენტიფიცირება, ბოლო დღეებში გაშალეს შავი პიარის ერთიანი ფრონტი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ წინააღმდეგ, ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეტევა ცალსახად კოორდინირებულია, ვინაიდან, სხვადასხვა სიუჟეტს ფონად გასდევს „ერთიანი ლაიტმოტივი“ – „ივანიშვილი თავისი სამშენებლო აქტივობით ჩადის დანაშაულს“, რითაც მაყურებელთა ცნობიერებაში სპეციალურად ყალიბდება განწყობა, რომ მშენებლობა ბოროტებაა, ხოლო თუ მშენებელი ივანიშვილია, მაშინ ეს უკვე კრიმინალია.
Cartu-ში განაცხადეს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში იგივე „მედია-კლასტერი“ ნებისმიერ მშენებლობას პოზიტიურ ჭრილში განიხილავდა და მაშინდელი ხელისუფლების მიერ ხშირად ერთი და იმავე ობიექტების მრავალჯერ საზეიმოდ გახსნას ზარ-ზეიმით აშუქებდა, რაც პრინციპში, არც არის დასაძრახი, რამეთუ ზოგადად აღმშენებლობა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება, პოზიტიური და სასარგებლო მოვლენაა.
„პრობლემა ჩნდება ორმაგი სტანდარტების შემოღებისას, როდესაც საღი აზრი ეწირება პოლიტიკურ დაკვეთას და ის, რასაც წინა ხელისუფლის დროს ლამის გმირობად წარმოაჩენდი, დღეს დანაშაულად გაქვს გამოცხადებული. ცხადია, რომ ამ უსუსური, მაგრამ კარგად ორკესტრირებული ბრალდებების უკან რეალურად, მხოლოდ პოლიტიკური სარჩულია", - ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვინაიდან ნებისმიერი მსგავსი გამოხტომის რეაგირების გარეშე დატოვებამ, შესაძლოა, ვინმეს თვალში დამაჯერებლობა შესძინოს ამ შეთითხნილ ბრალდებებს, ფონდი იძულებულია კვლავაც პასუხი გასცეს მათ გამავრცელებლებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საჯაროდ ცნობილია, რომ რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა საქართველოში არსებული აქტივების უდიდესი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" გადასცა. ფონდი უშუალოდ, ან მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით მართავს ამ აქტივებს და მიღებულ შემოსავალს კვლავ საქველმოქმედო მიზნებს ახმარს. ეს არის გამჭვირვალე და კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობა.
„ბუნებრივია, ჩვენს წინააღმდეგ მართული მედია-კამპანიის მიზანს არ წარმოადგენს სიმართლის დადგენა. ყველა სიუჟეტი იფუთება მაქსიმალურად გაუგებარი ფრაზებით, რომლებსაც, როგორც წესი, ისვრიან საეჭვო წარმომავლობის „ექსპერტები“. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დააბნიონ რიგითი მსმენელი და მასალის გადმოცემის სიმძაფრით, ტონალობით, ხშირად მუსიკალური გაფორმებითაც კი, შეუქმნან მას მათთვის სასურველი განწყობა და დააჯერონ იმაში, რომ ადგილი აქვს საშინელ, მზაკვრულ დანაშაულს", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც Cartu-ში განმარტეს, კონკრეტულ შემთხვევაში მიზანი იყო დაეჯერებინათ მაყურებელი იმაში, რომ ივანიშვილი ფულის შოვნას ცდილობს ქველმოქმედებით. თუმცა, რეალურად, ივანიშვილების ოჯახი ფონდი "ქართუს" ერთადერთი დონორია.
„ანუ ბიძინა ივანიშვილი ფონდს თავად სწირავს რეგულარულად საკუთარ სახსრებსა და შემოსავლებს და ქველმოქმედების საკითხს იმდენად ფაქიზად ეკიდება, რომ ფონდის არსებობის ლამის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე, არც ერთხელ დაუფინანსებია ფონდის მეშვეობით თავისი ოჯახის რომელიმე წევრი, ნათესავი ან ახლობელი - ამ დროს კი, მას ფონდის ხარჯზე გამდიდრებას ედავებიან!", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ფონდში აღნიშნეს, ამ შემთხვევაში სიმართლე ზედაპირზეა: ფონდის შვილობილმა კომპანიებმა გაასხვისეს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რაზეც მომავალმა ინვესტორმა უნდა განახორციელოს სამშენებლო პროექტი. მიწის გაყიდვებით მიღებულ შემოსავალს ფონდი მისი საქველმოქმედო მიზნებისკენ მიმართავს და მიმდინარე პროექტებს დაახარჯავს.
უკვე მრავალჯერ საჯაროდ გაცხადდა, რომ გასაგები მიზეზების გამო ივანიშვილი დღეს არაფორმალური სანქციების ქვეშ იმყოფება, რაც ბუნებრივია, აფერხებს ფონდისადმი მის დონაციებს, აღნიშნულია განცხადებაში.
„მიუხედავად ამისა, ფონდი დღესაც აგრძელებს პროექტებს და ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თუმცა, რომ არ ყოფილიყო ზემოთ ხსენებული წინაღობა, ორჯერ და სამჯერ მეტ სამუშაოს შევასრულებდით და გაცილებით წინ წავწევდით არსებულ პროექტებს, რომელთა შორისაა ჩვენი ქვეყნის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უმნიშვნელოვანესი ობიექტები", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იქმნება პარადოქსული ვითარება: თუ ფონდი სამშენებლო გეგმებს სადმე ჩამორჩება, მას აკრიტიკებენ ნელი ტემპისთვის, ხოლო სადაც არა - იქ თავად მშენებლობა ცხადდება ბოროტებად, რისთვისაც დაუსრულებელ უსუსურ და აბსურდულ ბრალდებებს აყენებენ.
როგორც „ქართუში" განაცხადეს, მსგავსი კრიტიკა არახალია. ივანიშვილსა და ფონდზე მსგავსი პიარ-თავდასხმა პირველად 2008 წელს დაიწყო. მაშინდელ გაზეთებში დაიბეჭდა შალვა ნათელაშვილის სტატიები, უფრო სწორედ კი მოკლე პასკვილები სათაურით - „... ამიტომაც ეს პიროვნება (ივანიშვილი) არის საქართველოს მტერი“.
„ამ სულელური ტექსტების მოკლე შინაარსი გულისხმობდა იმას, რომ საქველმოქმედო პროექტების მეშვეობით, ივანიშვილი ეხმარება არა ქვეყანას, არამედ - „სააკაშვილის რეჟიმს“, ხოლო იქამდე კი, მისი შექმნილი იყო „შევარდნაძის რეჟიმი“, ამიტომაც მისი ქველმოქმედება ცხადდებოდა ბოროტებად", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2011 წლიდან, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, ნათელაშვილის ეს ნარატივი გადაიღო მაშინდელმა მმართველმა გუნდმა და დაიწყო წარმოუდგენელი მასშტაბის შეტევა და ზეწოლა როგორც თავად ივანიშვილზე, ისე „ქართუს" ყველა სტრუქტურაზე, რომელთა ბირთვს, ბუნებრივია, ფონდი „ქართუ" წარმოადგენდა.
„სწორედ მაშინ, ლამის კატეგორიულ იმპერატივში აიყვანეს პროპაგანდისტული ნარატივი იმის თაობაზე, რომ „ქველმოქმედება ბოროტებაა“, საზიანოდ გამოცხადდა ფონდის ყველა პროექტი და პროგრამა", - ნათქვამია განცხადებაში.
გაასაჯაროვეს ბენეფიციართა სიები, სისულელედ შერაცხეს თეატრებისა და მუზეუმების რემონტი, უსარგებლო და მავნე უწოდეს ფონდის მიერ აგებულ, გარემონტებულ და სახელმწიფოსთვის გადაცემულ ობიექტებს, მათ შორის, საავადმყოფოებს, რაგბის სტადიონებს, სკოლებს, თეატრებს, მუზეუმებს, შეკვეთილის ღია საკონცერტო დარბაზს, თბილისის ოპერას, ბათუმის დელფინარიუმს და მრავალ სხვას.
საგულისხმო და სახალისოა, რომ ზემოხსენებული ბატონი ნათელაშვილი, რომელიც უკვე სააკაშვილის მომხრეთა ბანაკში აღმოჩნდა, ამ პოზიციებიდან აგრძელებს არანაკლები აბსურდულობისა და კომიკური ხასიათის ბრალდებების სროლას ივანიშვილისა და „ქართუს“ მიმართ. გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური სატირისა და კომედიის ჟანრში ის განუმეორებელია, აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ჩანს, ამ მართული და ერთიანი გეგმით ორკესტრირებული ბინძური კამპანიის დამკვეთებიც სათანადოდ უფასებენ მას ამ „ნიჭს“, ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
„არსებობს ცნობილი გამონათქვამი, რომ „ადამიანთა უგუნურებას არ აქვს საზღვარი“, რომელსაც სხვადასხვა რედაქციით რამდენიმე ცნობილ მოღვაწეს მიაწერენ. ჩვენს შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ნათელაშვილის განცხადებების სისულელესა და აბსურდს ნამდვილად არ აქვს არანაირი ზღვარი!", - ნათქვამია განცხადებაში.
გვესმის, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკურად ანგაჟირებული დაინტერესებული პირებისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების კონკრეტული დაჯგუფება დგას, რომელიც რჩება რა ჩრდილში, წარმოადგენს ამ ხელოვნურად მართული პროცესის მთავარ დამკვეთსა და დირიჟორს“, აღნიშნულია განცხადებაში.
ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას“ მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.
„ქართული ოცნების“ ყრილობამ 2023 წლის 30 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რაც მილიარდერის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ნიშნავს წასვლიდან სამი წლის შემდეგ.
პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“ და იზრდება კორუფციის რისკები.
ყრილობაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და იკისროს „სიმძიმის ცენტრის“ მისია. მოგვიანებით ცნობილი გახდა პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ - ამიერიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს სწორედ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე წარადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0